თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. შსს-ს თანამშრომლები, რომლებსაც 2006 წლის მაისში 2 ახალგაზრდის მკვლელობა ედებოდათ ბრალად, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გათავისუფლდნენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს აღნიშნული უწყების წარმომადგენელმა ორშაბათს, 17 აგვისტოს აცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და თავდებით გაათავისუფლა 11-დან 7 შსს-ს თანამშრომელი, რომელთაც ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობა ედებოდათ ბრალად.
როგორც საქართველოს მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, ვაზაგაშვილი და ხუბულოვი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლეს, რომელიც კრიმინალური პოლიციის ცენტრალური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ფირცხალავას მიერ იყო მომზადებული.
2006 წლის მოვლენების ახალმა გამოძიებამ გააბათილა წინა ხელისუფლების ვერსია იმაზე, რომ ვაზაგაშვილმა და ხუბულოვმა, რომლებზეც იყო ეჭვი, რომ ერთ ერთი თბილისური ოჯახის დაყაჩაღებას გეგმავდნენ, შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციას, რის გამოც მათ პოლიციამ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა.
სასამართლომ საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე გაანთავისუფლა თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი და ექვსი სპეცნაზის წარმომადგენელი.
შსს —ს ის თანამშრომლებს, რომლებიც კვლავ იზოლატორში რჩებიან, ბრალი წაყენებული აქვთ სსკ-ს 109 მუხლით (წინასწარგანზრახვით მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში), 369 მუხლით (მტკიცებულებების ფალსიფიკაცია) და 147 მუხლით (უკანონო დაკავება ან დაპატიმრება).
დაკავებულთა შორის რჩებიან კრიმინალური პოლიციის ცენტრალური დეპარტამენტის დირექტორის ექს-მოადგილე ირაკლი ფირცხალავა, კრიმინალური პოლიციის სამძებრო სამმართველოს უფროსის ექს-მოადგილე გიორგი ცააძე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ექს-გამომძიებელი ლევან ბეროძე, თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმის ექს- მეთაური კახაბერ ნაკანი. საქმის კიდევ ერთ ფიგურანტს, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელს გრიგოლ კვინიკაძეს, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება, ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა და მასზე ძებნა გამოცხადდა.