თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. სს "თელასი" პირველია საქართველოს ელექტროგამანაწილებელ კომპანიებს შორის, რომელმაც მიიღო ეკოლოგიური მენეჯმენტის საერთაშორისო სერტიფიკატი ISO 14001:2004. ამის შესახებ კომპანია ორშაბათს, 17 აგვისტოს იტყობინება.
ეკოლოგიური მენეჯმენტის სისტემის შესაბამისობის სერტიფიკაცია ISO 14001 სტანდარტის მოთხოვნებთან წარმოადგენს საწარმოს ეკოლოგიური ეფექტურობის დადასტურებას და მის პასუხისმგებლობას გარემოს დაცვის მიმართ.
ISO 14001 არ ადგენს მოთხოვნებს ეკოლოგიური მაჩვენებლებისათვის, მაგრამ აწესებს ფარგლებს, რომლებიც კომპანიამ ან ორგანიზაციამ უნდა დაიცვას ეკოლოგიური მენეჯმენტის ეფექტური სისტემის შესაქმნელად და ბუნებაზე საწარმოს საქმიანობის ნეგატიური ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად. საერთაშორისო სტანდარტის ISO 14001:2004 მოთხოვნების შესაბამისად, ეკოლოგიური მენეჯმენტის სისტემის შემუშავება და დანერგვა წარმოადგენს სს „თელასის“ სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლინების ერთ-ერთ გზას და ბუნებრივი რესურსების დაზოგვის და გარემოს დაბინძურების შემცირების ეფექტურ მეთოდს. ISO 14001 გამოყენება კომპანიის ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს ისევე, როგორც გარე დაინტერესებულ მხარეებს, აძლევს გარანტიას, რომ გარემოზე ზემოქმედება ფასდება და უმჯობესდება.
კომპანია „თელასში“ ISO 14001 სერტიფიკატის მისაღებად მუშაობა ჯერ კიდევ 2013 წლის იანვარში დაიწყო. ეკოლოგიური მენეჯმენტის სისტემის ფორმირების, დანერგვის და შესაბამისი სერტიფიკატის მიღების მიზნით, კომპანიაში შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელმაც ჰოლანდიურ საკონსულტაციო კომპანიასთან „Quadra Consulting“ თანამშრომლობით, შეიმუშავა შიდა ნორმატიული დოკუმენტები, მოამზადა მასალები და სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით კომპანიის ეკოლოგიური პოლიტიკა დამტკიცდა. მოსამზადებელი სამუშაოების პროცესში განისაზღვრა კონკრეტული ეკოლოგიური მიზნები და ამოცანები, დაიგეგმა გარემოს დაცვის სისტემის დანერგვასთან და ეკოლოგიური ასპექტებისა და ზემოქმედების მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებები. განხორციელდა ეკოლოგიური ეფექტურობის შეფასების, ეკოლოგიაზე უარყოფითი ზეგავლენის პრევენციისა და კონტროლის სამუშაოები. სს „თელასის“ ეკოლოგიური პოლიტიკა სრულად შეესაბამება საქართველოს მთავრობის და ენერგეტიკის სამინისტროს პოლიტიკას ეკოლოგიური მენეჯმენტის სფეროში.
2015 წლის თებერვალსა და აპრილში საერთაშორისო კომპანიამ „Inter Tek“ „თელასის“ აუდიტი ჩაატარა და სერტიფიკატის მიღებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა. უნდა აღინიშნოს, რომ ეკოლოგიური მენეჯმენტის საერთაშორისო სერტიფიკატი ISO 14001:2004 კომპანია „თელასმა“ დაგეგმილ ვადაზე ექვსი თვით ადრე მიიღო.