თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოსა და სომხეთის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების საკითხს განიხილავენ 18 აგვისტოს დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთის სოფლის მეურნეობის მინისტრები. ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო იტყობინება.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას მოწვევით 16-19 აგვისტოს საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინიტრი სერგო კარაპეტიანი.
ვიზიტის ფარგლებში, 17 აგვისტოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინიტრი სერგო კარაპეტიანი, ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ. მინისტრებმა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი პომიდვრისა და მარწყვის სადემონსტრაციო სასათბურე მეურნეობები და ვარა-ხუცუბნის ტერიტორიაზე, ხეხილოვნებისა და ვაზის სადედე, საკოლექციო-სადემონსტრაციო სანერგე მეურნეობა დაათვალიერეს. დღესვე, მინისტრებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დახურული ტიპის ზუთხის საწარმო შპს,,იხტიოსი“ დაათვალიერეს. მეურნეობა 3000 კვ.მ ფართობზეა განლაგებული. ტერიტორიაზე 24 ავზში 20 000 ცალი ზუთხია გაშვებული. საწარმომ წელს 42 ტონა თევზის რეალიზაცია განახორციელა.
18 აგვისტოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინიტრი სერგო კარაპეტიანი კახეთის რეგიონსაც ესტუმრებიან. ოთარ დანელია სომეხ კოლეგას სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს,,მექანიზატორის“ სერვისცენტრის მუშაობის პროცესს გააცნობს. მინისტრები მესაქონლეობის ფერმას შპს,,ყვარლის ბაგას“ და ღვინის მწარმოებელ საწარმოს,,ქინძმარაულის მარანს“ დაათვალიერებენ.