თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესულმა ცვლილებებმა ნარკოტიკულ საშუალებებზე, რუსთავის N17 ციხის მსჯავრდებულების გაფიცვა გამოიწვია. ამის შესახებ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ორშაბათს, 17 აგვისტოს აცნობა.
რამდენიმე დღეა 8 მსჯავრდებული უარს ამბობს საკვების მიღებაზე, ერთმა კი პირი ამოიკერა და საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის ახალი რედაქციის გადახედვას მოითხოვენ, იტყობინება უწყება.
საქართველოს სსკ-ს 260 მუხლში გაიყო ნარკოტიკული საშუალებების შენახვისა და რეალიზაციის ცნებები და შემცირდა ნარკოტიკების შენახვაზე დაწესებული სასჯელის ვადები. ნარკოტიკების რეალიზაციაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა კი ისევ იგივე — 6დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა დარჩა.
ცვლილებები მუხლში „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვისა და გადაგზავნის და მათი უკანონო გასაღების შესახებ“ ძალაში 2015 წლის 8 ივლისს შევიდა.
„მსჯავრდებულთა მოთხოვნების დაკმაყოფილება არ სედის სამინისტროს კომპეტენციაში. მოშიმშილეები სხვა მსჯავრდებულებისაგან იზოლირებულნი არიან“- განაცხადა უწყების წარმომადგენელმა.
მოშიმშილეთა მდგომარეობა ფასდება როგორც სტაბილური. ისინი ექიმთა მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან, თქვეს უწყებაში.