ინდონეზიაში თვითმფრინავის კატასტროფის ადგილას სამაშველო ოპერაცია შეჩერებულია

© REUTERS/ Lucky R/Antaraინდონეზიაში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ახლობლები
ინდონეზიაში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ახლობლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმფრინავ ATR 42-300-ის ჩამოვარდნის ადგილას ამინდის ექსტრემალური პირობები სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ჩატარებას ხელს უშლის, განაცხადა ინდონეზიის ტრანსპორტის მინისტრის მრჩეველმა მუსტოფა ნადი ჯურაიდმა.

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ავიაკომპანია Trigana-ს კუთვნილი თვითმფრინავის ATR 42-300-ის ჩამოვარდნის ადგილას, აღმოსავლეთ ინდონეზიის პაპუას პროვინციაში, ამინდის ექსტრემალურ პირობებთან დაკავშირებით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ორშაბათს საღამოს მომდევნო დღემდე შეაჩერეს, განაცხადა ინდონეზიის ტრანსპორტის მინისტრის მრჩეველმა მუსტოფა ნადი ჯურაიდმა (Mustofa Hadi Djuraid).

 „ამჟამად სახმელეთო სამძებრო-სამაშველო ჯგუფების მუშაობა შეჩერებულია, ხოლო საჰაერო მოქმედებები ამინდის გამო ვერ ხორციელდება“, — მაღალჩინოსნის სიტყვებს ინტერნეტ-პორტალი Detik.com ციტირებს.

 ინდონეზიის ავიაკომპანია Trigana Air Service-ის თვითმფრინავი კვირას, 16 აგვისტოს კუნძულ ახალი გვინეის ინდონეზიის ნაწილში გაუჩინარდა. თვითმფრინავში 54 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ავიალაინერი ქალაქ ოკსიბილთან ახლოს, დაჯდომამდე ათი წუთით ადრე ჩამოვარდა.

 ეროვნული სამძებრო-სამაშველო სამსახურის სამმართველოს Basarnas-ის ინფორმაციით, თვითმფრინავში მყოფი ყველა ინდონეზიის მოქალაქე იყო.

 უფრო ადრე ბინტანგის რაიონის პოლიციის უფროსმა იუნუს ვალიმ (Yunus Wally) განაცხადა, რომ სამძებრო და მსხვერპლთა ცხედრების ევაკუაციის სამუშაოებს ამინდის ექსტრემალური პირობები უშლის ხელს. კერძოდ, ხილვადობა შემთხვევის ადგილას მხოლოდ ორი მეტრია. ამ პირობებში ვერტმფრენების დროებითი მოედნის მშენებლობაზეც კი უარი განაცხადეს, რომელიც ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის საჰაერო გზით გადაყვანილ მონაწილეებს ორშაბათს უნდა დაეწყოთ, დასძინა პოლიციელმა.

 დიდ სიძნელეებს აწყდებიან ავიაკატასტროფის ადგილისკენ სახმელეთო გზით მოძრავი მაშველებიც. პაპუას პროვინციის სამხედრო სარდლობის ადგილობრივი წარმომადგენლის ტეგუჰ პუჯი რაჰარჯოს (Teguh Pudji Rahardjo) თქმით, ეს მთიანი და უსიერი ტყეებით დაფარული რაიონია, სადაც გზები საერთოდ არ არის. 


ყველა ახალი ამბავი
0