თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საკურორტო ქალაქ ბორჯომში იუსტიციის რიგით მე-16 სახლი გაიხსნება, იუწყება ორშაბათს, 17 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრეს-სამსახური.
იუსტიციის სახლის კონცეფცია სწრაფი და ეფექტური მომსახურების მიწოდებას წარმოადგენს. იუსტიციის სახლში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უწყებების სერვისები სისტემურად არის თავმოყრილი და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში მიიღოს 400-მდე მომსახურება. აქ „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ფორმდება და გაიცემა დოკუმენტები — პასპორტებიდან და სხვადასხვა დოკუმენტებიდან დაწყებული საწარმოს რეგისტრაციითა და გარიგების გაფორმებით დასრულებული.
„ბორჯომის იუსტიციის სახლი თანამედროვე ობიექტია, რომლის ფართობიც 800 კვადრატულ მეტრს მოიცავს და ბორჯომის ვაგზლის გვერდით, ცენტრალური პარკის მთავარ შესასვლელთან ახლოს განთავსდება“, — აღნიშნულია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.
ისევე, როგორც იუსტიციის სხვა სახლებში, ბორჯომშიც განთავსდება ქორწინების სახლი, შეხვედრების ოთახი და სასწავლო ცენტრი.
ბორჯომში იუსტიციის სახლის მშენებლობას ტენდერით შერჩეული კომპანია „ორნამენტი“ განახორციელებს. ამ ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 1 469 777 ლარი (დაახლოებით 700 ათასი აშშ დოლარი) იქნება. შენობის არქიტექტორია არქიტექტურული კომპანია „ოპტიმუსის“ თანამშრომელი გიორგი ხუციშვილი.
ბორჯომში იუსტიციის სახლის მშენებლობის გადაწყვეტილება, რომლის გახსნაც 2016 წელს არის დაგეგმილი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ამ რეგიონში ვიზიტის დროს მიიღეს, იუწყება იუსტიციის სამინისტრო.
ბორჯომის გარდა, 2016 წელს დაგეგმილია იუსტიციის სახლის ახალი ფილიალების გახსნა ლაგოდეხში, მცხეთასა და ახალქალაქში.
წელს კი ახალი იუსტიციის სახლები თიანეთში, ყაზბეგსა და ბორჯომში გაიხსნება.
რამდენიმე კვირის წინ იუსტიციის ახალი სახლის მშენებლობა ქალაქ ონში დაიწყო.