თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. პანკისის ხეობაში 2015 წლის სექტემბერში სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღება დაიწყება სახელწოდებით — „სანამ მამა დაბრუნდება“. ფილმი ორი ქისტი გოგონას ცხოვრებაზე მოგვითხრობს — იტყობინება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.
ფილმის რეჟისორია მარიამ გულბიანი — საქართველოს კინოცენტრის პროექტ „კინოსკოლის“ გამარჯვებული.
„კინოსკოლის“ ფარგლებში საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებ ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ თანამედროვე ქართული კინემატოგრაფიის მოღვაწეობაზე გაეგოთ და თავად დაეწერათ სცენარები ფილმებისათვის.
ფილმი „სანამ მამა დაბრუნდება“ ორი ქისტი გოგონას იმანისა და ევას ისტორიაა. მეგობრები პანკისის ხეობაში სოფელ ყვარელწყალში ცხოვრობენ. იმანი 13 წლისაა, ევა —12. ერთი წლის წინ მათი მამები სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდნენ და იშვიათად უკავშირდებიან ოჯახებს. მშობლები ამაზე ჩურჩულით საუბრობენ. ერთადერთი მითქმა-მოთქმისაგან თავისუფალი ადგილი გოგონებისათვის კინოს გაკვეთილებია, რომელსაც ისინი „კინოსკოლის“ პროექტის ფარგლებში ესწრებიან.
ფილმი უკვე შერჩეულია დოკუმენტურ ფილმში თხრობის ხელოვნების „ვორქშოფისათვის“. იგი აშშ-ში შედგება და კინოცენტრის ცნობით, ამერიკელი რეჟისორი ლიზა ლემანი ჩაატარებს.
როგორც კინოცენტრში აღნიშნეს, მარიამ გულბიანი პანკისის ხეობის ერთ-ერთი აქტიური კინომისიონერია. გოგონა სიამოვნებით ჩაერთო პროექტ „კინოსკოლაში“ და ადგილობრივი მოსახლეობის კინოგანათლებაზე ზრუნავს.