თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატის ფინალი ბრეიკ-დანსში „ერთი ერთზე“ Red Bull BC One შედგება თბილისის ცირკის არენაზე 2015 წლის 5 სექტემბერს. ამის შესახებ ღონისძიების ორგანიზატორები იტყობინებიან.
ბრეიკ-დანსის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებისათვის, 14 ქვეყნის წარმომადგენელი 16 ბრეიკ დანსის მოცეკვავე საქართველოს დედაქალაქში შეჯიბრს გამართავს.
ბრეიკ-დანსის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი 14 ნოემბერს რომში, კონგრესთა სასახლეში გაიმართება.
"Red Bull BC One მსოფლიოში უკვე 12 წელია ტარდება, საქართველოში კი — 2011 წლიდან. ამ დროის მანძილზე, თბილისში, მსაჯების სტატუსით იმყოფებოდნენ ბრეიკ-დანსის ისეთი მსოფლიო ჩემპიონები და ლეგენდები, როგორებიც არიან Lilou, Cico, Roxrite, Mounir, Ronnie, Airdit, Yan The Shrimp და Slav", — ნათქვამია შეტყობინებაში.
ბილეთები აღმოსავლეთ ევროპის ფინალზე ბრეიკ-დანსში თბილისში ვებ-გვერდ biletebi.ge-ს საშუალებით გაიყიდება. მათი ღირებულება 10 ლარია. წელს ამ ღონისძიების მსაჯები იქნებიან Lilou, Mounir და Pelezinho.
Red Bull BC One — ყოველწლიური საერთაშორისო შეჯიბრია მსოფლიოს 16 საუკეთესო ბრეიკ-დანსის მოცეკვავეს შორის, ენერგეტიკული სასმელების კომპანია Red Bull-ის მიერ ორგანიზებული. შეჯიბრი „ერთი ერთზე“ სისტემით ტარდება და გამარჯვებულს დარბაზში მყოფი ხუთი მსაჯი გამოავლენს.
Red Bull BC One —ს პირველი ჩემპიონატი შვეიცარიის ბილში 2004 წელს გაიმართა. ათი წლის მანძილზე ტურნირმა მთელი მსოფლიო მოიარა: ბერლინი, სან-პაულო, იოჰანესბურგი, პარიზი, ნიუ-ორკი, ტოკიო, მოსკოვი, და რიო-დე-ჟანეირო.