თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. სიმღერის საბავშვო კონკურსზე „ევროვიზია —2015“, რომელიც სოფიაში 2015 წლის 21 ნოემბერს გაიმართება, საქართველოს ბავშვთა კვარტეტი წარმოადგენს, ინფორმაცია ამის შესახებ განთავსებულია Junior Eurovision-ის ოფიციალურ გვერდზე.
კვარტეტის საკონკურსო სიმღერის პრემიერა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სექტემბერში შედგება. კომპოზიცია ქართულ ენაზე შესრულდება. კომპოზიციის ტექსტზე და ნომრის ქორეოგრაფიაზე პროდიუსერი და კომპოზირორი გიგა კუხიანიძე მუშაობდა.
კვარტეტს წარმოადგენენ ელენე კეჟრიშვილი (10 წლის), ლიზი თავბერიძე (12 წლის), თაკო გაგნიძე (11 წლის) და დათა პავლიაშვილი (11 წლის). ისინი საბავშვო სტუდია „ბზიკების“ აღსაზრდელები არიან.
ელენე კეჟრიშვილი — ნიუტონის თავისუფალი სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეა. 2012 წლიდან საქველმოქმედო ორგანიზაცია „დეოდორას“ წევრია. აქტიურ მონაწილეობას იღებს სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებში, ხშირი სტუმარია ბავშვთა სახლების და მოხუცთა თავშესაფრების. 2013-14 წლებში მონაწილეობას იღებდა მუსიკალურ კონცერტებში. მღერის 3 წლიდან. უყვარს ცურვა, ხიპ-ხოპი, ოცნებობს თავისი საქველმოქმედო ფონდის შექმნაზე.
ლიზი თავბერიძე — თბილისის N47 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეა. 2012 წელს იტალიაში, მუსიკალურ ფესტივალში „ტრიკოლე“ პირველი ადგილი აიღო. უყვარს სიმღერა, ცეკვა, სკეიტბორდი და ოცნებობს რომ გახდეს მომღერალი ან მოდელი.
თაკო გაგნიძე სკოლა „სადუნის“ მეექვსე კლასის მოსწავლეა. ექვსი წლის ასაკში ბავშვთა სამოდელო კონკურსის „პრინცესას“ გამარჯვებული გახდა. ცეკვავს ანსამბლში „ერულა“. თავის ჰობიდ ხატვას, ცეკვასა და მუსიკას თვლის.
დათა პავლიაშვილი - ახალი სკოლის მოსწავლეა. საბავშვო სტუდია „ბზიკებში“ 2014 წლიდან დადის. გატაცებულია მუსიკით, ცურვითა და ფეხბურთით.
საქართველო ევროვიზიის საბავშვო კონკურსში უკვე მეცხრე წელია მონაწილეობს. ამ ხნის მანძილზე ქართველი ბავშვები ორჯერ გავიდნენ პირველ ადგილზე.
მიუხედავად იმისა, რომ მალტაში გამართული ევროვიზია 2014-ის ფინალური კონკურსის გამარჯვებული 14 წლის იტალიელი ვინჩენცო კანტიელო გახდა, 2015 წლის კონკურსის ორგანიზება გამარჯვებულმა ქვეყანამ ვერ გადაწყვიტა.
2015 წლის დასაწყისში გადაწყდა, რომ 2015 წლის კონკურსის მასპინძელი ბულგარეთის დედაქალაქი სოფია იქნება. კონკურსი საკონცერტო-სპორტულ კომპლექს „არმეეც“-ში გაიმართება, სადაც 15 ათასი კაცი ეტევა.
საქართველოსთან ერთად პირველი ადგილისათვის ევროპულ კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის, უკრაინის, ალბანეთის, სომხეთის, ბელორუსის, ბულგარეთის, ირლანდიის, იტალიის, ცერნოგორიის, სლოვენიის, სან-მარინოს, ნიდერლანდების, მალტისა და მაკედონიის წარმომადგენლები.