თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ლევან კობიაშვილმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 3 ოქტომბერს გაიმართება.
„ქართველ გულშემატკივარს ვპირდები, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ და ყველაფერს გავაკეთებ ქართული ფეხბურთის წარმატებისთვის.
კანდიდატურის დარეგისტრირების დღიდან აქტიურად დავიწყებ ჩემი ხედვებისა და გეგმების პრეზენტაციას, წარმოვადგენ ჩემს გუნდსაც და შევხვდები ჩვენი ფეხბურთის ბედით და მომავლით დაინტერესებულ ყველა სუბიექტს“, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კობიაშვილმა სოციალურ ქსელ Facebook-ის თავის გვერდზე გამოაქვეყნა.
ამ დროისათვის ცნობილია, რომ კობიაშვილის გარდა სფფ-ს ახალი პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ რევაზ არველაძე — სფფ-ს მოქმედი გენერალური მდივანი და მერაბ ჟორდანია სფფ-ს ყოფილი პრეზიდენტი (1998-2005).
პარასკევს სფფ-ს აღმასკომმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფედერაციის ახალი პრეზიდენტის არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება. ეს ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც სფფ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განცხადება გააკეთა გადადგომაზე.