თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. ქართველ გოგონათა ტრიო „მანდილი“ სექტემბერში ბულგარეთში მაყურებლის წინაშე სოლო კონცერტით წარდგება, ამის შესახებ მუსიკალური ჯგუფის პროდიუსერმა როსტისლავ მასლოვიჩმა განაცხადა.
„მანდილის“ საკონცერტო გამოსვლები 24 სექტემბერს სოფიაში, ხოლო 25 სექტემბერს პლოვდივში შედგება. კონცერტები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიწყება.
„ბულგარეთში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, სადაც გასტროლები გვქონდა, ჩვენ შევასრულებთ ქართულ ფოლკლორს და ჩვენს მიერ დაწერილ სიმღერებს. ჩვენ ეხლა ვასრულებთ ჩვენი პირველი ალბომის ჩაწერას. კომპოზიციის შემადგენლობა იგივეა“ — თქვა „მანდილის“ პროდიუსერმა.
მისი თქმით ქართულ მუსიკალურ ტრიოს საკონცერტო მიწვევები აქვს აშშ-ში, რუსეთში, თურქეთში, ისრაელში და ევროპის მრავალ ქვეყანაში.
„ჩვენ ვიყავით ბრიუსელში — ორმა კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა, გია ყანჩელიც კი მოვიდა. კიევში ორი კონცერტი გავმართეთ. „ბისზე“ გამოგვიძახეს. ფურორი მოვახდინეთ ლუბლინში — ხალხი მთელი პოლონეთიდან ჩამოდიოდა. ასევე არა ერთხელ დაგვიძახეს მოსკოვში, მაგრამ ვიზები ვერ გაგვიკეთეს…“, — თქვა მასლოვიჩმა.
ტრიო „მანდილის“ შემადგენლობაში არიან — ანა ჭინჭარაული, თათია მგელაძე და შორენა ცისკარაული. საქართველოში გოგონები მათ მიერ გადაღებული და ინტერნეტით გავრცელებული მუსიკალური ვიდეოს შემდეგ გახდნენ პოპულარულნი. ინტერნეტში ორი კვირის მანძილზე, თბილისის მახლობლად, სოფლის გზაზე გადაღებულმა ვიდეომ, სადაც გოგონები ქართულ ხალხურ სიმღერას - „აპარეკას“ მღერიან, მილიონი ნახვა დააგროვა.
ჯგუფის სახელწოდება „მანდილი“, ჯგუფის წევრების თქმით, ერთ ერთი გოგონას დედას ესიზმრა, როგორც წარმატების მომტანი ნიშანი და ამიტომაც შეარჩიეს. გოგონებს სპეციალური მუსიკალური განათლება არ აქვთ. ყველაფერი, მათ შორის ფანდურზე დაკვრაც თვითონ ისწავლეს.
,