თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტის არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება. გადაწყვეტილება ამის შესახებ პარასკევს, 14 აგვისტოს, სფფ-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე იქნა მიღებული.
როგორც ჟურნალისტებს სფფ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განუცხადა, ამ პოსტზე კანდიდატებს განაცხადი შეუძლიათ 15 აგვისტოდან შეიტანონ. განაცხადების მიღება არჩევნებიდან 25 დღით ადრე შეწყდება.
„იურიდიულად ყველაფერი სწორად არის გაკეთებული. არჩევნების თარიღის დანიშვნიდან არჩევნების დღემდე 40 დღე მაინც უნდა გავიდეს — ეს წესი დაცულია. ფედერაცია ელოდება კანდიდატთა განაცხადებს“, — თქვა ზვიად სიჭინავამ.
ამ დროისათვის ცნობილია სამი კანდიდატის შესახებ. ეს არის რევაზ არველაძე — სფფ-ს მოქმედი გენერალური მდივანი, მერაბ ჟორდანია — სფფ-ს ყოფილი პრეზიდენტი (1998-2005) და ლევან კობიაშვილი — საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი.
უეფას სუპერთასის მატჩის დასრულების შემდეგ 2015 წლის 11 აგვისტოს ზვიად სიჭინავამ გააკეთა განცხადება, რომ ტოვებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს და არ აპირებს ახალ არჩევნებში ხელახლა იყაროს კენჭი ამ თანამდებობაზე.