მინისტრი: მაკროეკონომიკური საფუძვლები ლარის კურსის გაუფასურებისთვის არ არსებობს

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეკონომიკამ სრულად მოახდინა ადაპტირება გარე შოკების მიმართ და ადაპტაციის პროცესში მნიშვნელოვანი როლი საბიუჯეტო პოლიტიკამ ითამაშა, - თქვა ხადურმა.

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. მაკროეკონომიკური საფუძვლები ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურებისთვის არ არსებობს, განაცხადა პარასკევს, 14 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. 

 „ეკონომიკამ სრულად მოახდინა ადაპტირება გარე შოკების მიმართ და ადაპტაციის პროცესში მნიშვნელოვანი როლი საბიუჯეტო პოლიტიკამ ითამაშა“, —  თქვა ხადურმა. 

 მისი განცხადებით, მიმდინარე წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზის კორექტირებიდან გამომდინარე, ბიუჯეტში განხორციელდა ცვლილებები. ცვლილებებმა დეფიციტის 3%-ის ფარგლებში შენარჩუნება უზრუნველყო. რასაც მიესალმა საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ამასთან, მოსალოდნელია საგადასახადო შემოსავლების გადაჭარბებით შესრულება. 

 „2015 წლის 7 თვის ფაქტიური მონაცემებით, თითქმის ერთი მილიარდი ლარით მეტია ბიუჯეტში მობილიზებული, გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო გადასახდელების ნაწილში 580 მლნ ლარით მეტია ათვისებული 2014 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, რაც მიუთითებს ბიუჯეტის თანაბარი ხარჯვის ტენდენციაზე“, —აღნიშნა ხადურმა. 

 მისი განცხადებით, 2015 წელს საბიუჯეტო დახმარების სახით დონორებისგან მისაღები სახსრები თითქმის 50 მლნ აშშ დოლარით აჭარბებს საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გასაწევ ხარჯებს, განსხვავებით გასული წლებისგან, როცა საგარეო ვალის მომსახურების ხარჯები აღემატებოდა უცხოური წყაროებიდან საბიუჯეტო დახმარების სახით მისაღებ შემოსავლებს.

 სახაზინო სავალუტო ოპერაციებით იანვარ-ივლისის პერიოდში 81 მლნ აშშ დოლარით მეტი რესურსის მობილიზება მოხდა ბიუჯეტის ანგარიშებზე, ხოლო წლის ბოლომდე, მოხდება დამატებით 110 მლნ აშშ დოლარის დაგროვება, — თქვა მინისტრმა. 

 „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გასულ, რეკორდულ წელთან შედარებით ნაკლებია, თუმცა მაინც მაღალია 2012-2013 წლებთან შედარებით. 2015 წლის პროგნოზი შეადგენს 1186 მლნ აშშ დოლარს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პროგნოზები ეყრდნობა კონკრეტულ, დაგეგმილ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიღებული აქვთ კომპანიებს. მიმდინარე წლის მე-3 და მე-4 კვარტლებში, უცხოური ვალუტის ნაკადები პოზიტიური იქნება. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს აჭარბებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საპროგნოზო მაჩვენებელი. ასევე დამატებით იქნება სხვა ფინანსური ნაკადები“- აღნიშნა ფინანსური უწყების ხელმძღვანელმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0