თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ქალაქ ტიანცძინის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებულ აფეთქებასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს ჩინეთის მთავრობას, იუწყება ხუთშაბათს, 13 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.
გუშინ, 12 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 23:30 საათზე ქალაქ ტიანცძინის ბინხაის რაიონში 30 წამიანი ინტერვალით ორი აფეთქება მოხდა. აფეთქებები ლოგისტიკური კომპანია Ruihai Logistics-ის საწყობში განხორციელდა, სადაც საშიში ნივთიერებები ინახებოდა.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას, დაღუპულთა ოჯახებსა და ჩინელ ხალხს და უცხადებს გულითად თანადგომას ამ მძიმე წუთებში“, — აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
აფეთქების სიმძლავრე ტროტილის ეკვივალენტით 3 და 21 ტონას შეადგენდა. დაიღუპა 44 ადამიანი, 520 საავადმყოფოებშია გადაყვანილი, 21 კი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.
აფეთქებისა და მისგან გამოწვეული ხანძრის შედეგად, საწყობში დაიწვა 2748 ახალი ავტომობილი. პორტში იყო ჩინეთში მანამდე იმპორტირებული „ფოლკსვაგენის“ მარკის ახალი ავტომობილები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხანძარმა გაანადგურა Touareg-ის 1065 ავტომობილი, 770 Multivan, 391 Beetle, 251 Tiguan, ასევე Magotan, Up, Golf და Golf Sportsvan-ის ათეულობით ავტომანქანა.