თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის რეაბილიტაცია-მშენებლობის დასრულების შემდეგ, 2015 წლის ბოლომდე, თბილისიდან რუსთავამდე გზა 15 წუთში დაიფარება და გადაადგილება მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული გახდება, ამის შესახებ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იტყობინება.
თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ ფინანსდება და საერთაშორისო მნიშვნელობის „თბილისი-წითელი ხიდი“ (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციას ითვალისწინებს. სამშენებლო სამუშაოებს ჩინური საგზაო-სამშენებლო კომპანია Sinohydro Corporation Ltd ახორციელებს, რომელმაც გზის პირველი და მესამე მონაკვეთების მშენებლობის ტენდერში გაიმარჯვა.
ავტომაგისტრალის სიგრძე 17,4 კილომეტრია. ტრასის სირთულის გათვალისწინებით, საპროექტო ტრასა და, შესაბამისად, საპროექტო ღონისძიებები სამ განსხვავებულ მონაკვეთად არის დაყოფილი: პირველი მონაკვეთი — საქალაქთაშორისო ავტოსადგურიდან რესტორან „მარაბდამდე“ — სიგრძით 4 კილომეტრია. გზის განივი კვეთი 6-ზოლიანია, თითოეულის სიგანე — 3,5 მეტრი, გამყოფი ზოლის სიგანე — 6 მეტრი. გზის ორივე მხარეს ეწყობა ტროტუარები, სიგანით 2,5-3,0 მეტრი. გზის სამოსი ცემენტო-ბეტონისაა.
მეორე მონაკვეთი — ფონიჭალის მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა — საორიენტაციო სიგრძით 6,8 კილომეტრი. ამ მონაკვეთზე იგეგმება მდ. მტკვრის გასწვრივ ახალი, დაახლოებით 2 კილომეტრი სიგრძის ურბანული ტიპის შემოვლითი გზის მშენებლობა. გზის განივი კვეთი 4-ზოლიანია, თითოეული ზოლის სიგანე — 3,75 მეტრი. გზის სამოსი ცემენტო-ბეტონისაა.
მესამე მონაკვეთი-ფონიჭალის დასახლების გასასვლელთან მდებარე „სოკარის“ ავტოგასამართი სადგურიდან რუსთავის ავტობაზრობამდე — სიგრძით 6,6 კილომეტრია. გზის განივი კვეთი 4-ზოლიანია, თითოეულის სიგანე 3,75 მეტრია, გამყოფი ზოლის სიგანე — 6 მეტრი. გზის სამოსი ცემენტო-ბეტონისაა.
რაც შეეხება მეორე მონაკვეთს, მეორე მონაკვეთის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად შედგენილი პროექტი (2011-2012 წელს შემუშავდა პროექტი) არ ითვალისწინებდა გზის გარე განათების ქსელისა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოწყობას, რაც პროექტის სერიოზულ ხარვეზს წარმოადგენა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა, აზიის განვითარების ბანკთან შეთანხებით, მიიღო გადაწყვეტილება და პროექტში შეიტანა ცვლილება, რის საფუძველზეც აღნიშნული სამუშაოები განხორციელდება. პროექტში ცვლილებების შეტანამ გაზარდა საკონტრაქტო ღირებულება და ჯამში ნაცვლად 88 761 128,95 ლარისა თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის პროექტის ღირებულებამ 96 685 218.40 ლარი შეადგინა.
პროექტის დასრულება კონტრაქტით 2015 წლის სექტემბერში იყო დაგეგმილი, მაგრამ ვინაიდან პროექტში შევიდა ცვლილება და დამატებითი სამუშაოები უნდა განხორციელდეს კონტრაქტორ კომპანიას სამუშაოების ვადა გაუგრძელდება და პროექტი მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.