თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ხუთშაბათს, 13 აგვისტოს, ფეხბურთში საქართველოს XVII ჩემპიონატის პირველ ტურში, „ცხინვალმა“ თავის მოედანზე თბილისის „საბურთალოსთან“ თამაში ანგარიშით 1:2 წააგო.
ახლო წარსულში უეფას ევროპის ლიგის კვალიფიკაციის მონაწილემ — „ცხინვალმა“, ანგარიში 45-ე წუთზე გახსნა. გამოირჩეოდა რატი ცაწკრიალაშვილი.
მეორე ტაიმი თბილისური გუნდის უპირატესობით წარიმართა, რაც ორი გატანილი გოლით დაგვირგვინდა. მესამოცე წუთზე ანგარიში გურამ გოშტელიანმა გაათანაბრა. ხოლო ორთაბრძოლის ბოლო წუთებზე, მასპინძელთა კარში 11 მეტრიანი დაინიშნა, რომელიც ზუსტად განახორციელა გიორგი ხარიაშვილმა.
დღის მეორე მატჩში, „ჩიხურამ“ თბილისის „ლოკომოტივს“ მინიმალური უპირატესობით 1:0 მოუგო.
პირველ ტაიმში მაყურებლებს გატანილი გოლები არ უნახავთ. ხოლო 56-ე წუთზე, ზუსტი დარტყმა და შეხვედრის ერთადერთი გოლი გიორგი ჭანკოტაძემ განახორციელა.
პირველი ტურის დარჩენილი ექვსი შეხვედრა პარასკევს, 14 აგვისტოს გაიმართება. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გორის „დილა“ თავის პირველ მატჩს შინ ფოთის „კოლხეთთან“ გამართავს.