თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თბილისის ბიუჯეტში 2,7 მილიონ ლარს გადარიცხავს 14 ივნისს, თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისათვის, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა უწყებათაშორისი კომისიის გასვლითი სხდომის დასრულების შემდეგ ხუთშაბათს, 13 აგვისტოს.
14 ივნისის ღამეს თბილისში დამანგრეველი წყალდიდობა მოხდა. ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარე ვერემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 19 ადამიანი, ხოლო 300 უსახლკაროდ დარჩა.
ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ხაზინაში გაიხსნა სპეციალური ანგარიშები, სადაც ყველა მსურველს შეეძლო გადაერიცხა ფულადი სახსრები დაზარალებულთა დასახმარებლად და წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისათვის გაწეული ხარჯების დასაფარად.
დღეისათვის ფინანსთა სამინისტრო რამდენიმე დონორთან მუშაობს, დამატებითი ფინანსების მოზიდვისათვის, რაც თბილისში გზების რეაბილიტაციისათვის იქნება გამოყენებული, მათ შორის წყნეთი-ბეთანიის მონაკვეთის აღსადგენად, — თქვა ხადურმა.
უწყებათაშორისი კომისია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის წევრებით, ჰიდროლოგიის სფეროში ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტებით, მდინარე ვერეს ხეობაში სიტუაციის შესწავლით დაკავებული არქიტექტორებითა და გეოლოგებითაა დაკომპლექტებული.