თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ელოდება უკრაინის ხელისუფლების პასუხს, რათა წამოიწყოს საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურა, განაცხადა ხუთშაბათს, 13 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც იღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთმევა. როგორც ცნობილია, 2015 წლის 30 მაისს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე გახდა და ოდესის ოლქს ჩაუდგა სათავეში.
„ჩვენ ველოდებით ოფიციალურ პასუხს უკრაინის უფლებამოსილი ხელისუფლებისაგან და როგორც კი მივიღებთ დოკუმენტებს, თუ ეს ასეა, ჩვენ დავიწყებთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების განხორციელებას“, — განაცხადა წულუკიანმა.
სამშობლოში სააკაშვილზე ძებნაა გამოცხადებული. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2014 წელს სააკაშვილს დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი რამდენიმე სისიხლის სამართლის საქმეზე: 8,8 მილიონზე მეტი ლარის სახელმწიფო სახსრების პირადი საჭიროებისათვის გახარჯვაზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეში, პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე და 2006 წელს „საქართველოს გაერთიანებული ბანკის“ თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე.