„ისლამური სახელმწიფო“ კავკასიასა და შუა აზიაში მყოფი წევრების გადმობირებას ეცდება

© AP Photo/ Militant website via AP"ისლამური სახელმწიფო"
ისლამური სახელმწიფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეგვიპტის რელიგიურ წესთა მთავარი სამმართველოს მოხსენებაში ნათქვამია, რომ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ ახალ წევრებს მთელი ისლამური სამყაროს, მათ შორის ეგვიპტის ტერიტორიაზე ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის გამოიყენებს.

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ უახლოეს პერიოდში თავის რიგებში ახალი წევრების გადმობირების სტრატეგიას შეცვლის და ამ საქმიანობას არაბული რეგიონიდან კავკასიაში, შუა აზიის ქვეყნებსა და ინდონეზიაში გადაიტანს, აღნიშნულია ეგვიპტის რელიგიურ წესთა მთავარი სამმართველოს მოხსენებაში, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

ამასთან, ეგვიპტელი მკვლევარების აზრით, ტერორისტული ორგანიზაციის ახალ წევრებს მთელი ისლამური სამყაროს, მათ შორის ეგვიპტის ტერიტორიებზე დივერსიული საქმიანობისთვის გამოიყენებენ.

„მას შემდეგ, რაც არაბული სამყაროს ქვეყნების ხელმძღვანელობით „ისლამურ სახელმწიფოსთან“ იდეოლოგიური და შეიარაღებული ბრძოლა დაიწყო, ასევე, არაბულ ქვეყნებში რელიგიურმა და კულტურულმა ორგანიზაციებმა „ისლამური სახელმწიფოს“ მიმართ იდეოლოგიური ბლოკადა განახორციელეს, დაჯგუფება მომხრეთა გადაბირების სტრატეგიას ცვლის და ახლო აღმოსავლეთის საზღვრებს სცდება, უფრო უსაფრთხო ახალ რაიონებს ეძებს, რათა, რელიგიით, ისლამისა და მუსულმანთა დაცვის ლოზუნგებით შენიღბულმა, თავისუფლად მოიზიდოს ახალბედები“, — აღნიშნულია მოხსენებაში.

ეგვიპტელი ექსპერტები განმარტავენ, რომ კავკასიაში, შუა აზიასა და ინდონეზიაში „ისლამური სახელმწიფო“ თავის რიგებში ადამიანებს საკმაოდ ადვილად გადაიბირებს, რადგანაც ამ რაიონებში ბევრი მუსულმანი ცხოვრობს, ისინი არ იცნობენ დაჯგუფების ექსტრემისტულ იდეოლოგიას და მქადაგებელი არაბების მიმართ წინასწარ ნდობით არიან განმსჭვალულნი“. 

ამასთან, სამმართველოში აღნიშნავენ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მიზანი კავკასიაში, შუა აზიასა ან ინდონეზიაში „ხალიფატის“ შექმნა კი არ არის, არამედ თავის რიგებში ახალწვეულების ნაკადის გარანტირებული უზრუნველყოფაა. „თავისი გავლენის ტერიტორიული საზღვრების გაფართოებისთვის „ისლამურ სახელმწიფოს“ კვლავ ახლო აღმოსავლეთი აქვს მიზანში“, — მითითებულია დოკუმენტში.

ეგვიპტის რელიგიურ წესთა სამმართველომ ქვეყნებს, რომელთაც საკუთარ ტერიტორიებზე „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგიის გავრცელების საფრთხე ემუქრებათ, მოუწოდა, „ისლამური სახელმწიფოს“ იდეების გავრცელების საპირისპიროდ უფრო აქტიური პოლიტიკა გაატარონ, მათ შორის სოციალური ქსელების მეშვეობით, მოსახლეობასთან განმარტებითი სახის საუბრებით, რელიგიური განათლების დონის, თვითშეგნების ამაღლების, რელიგიასა და ექსტრემიზმს შორის განსხვავების გარჩევის გზით.

დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ თავდაპირველად სირიის ტერიტორიაზე დასახელებით „ისლამური სახელმწიფო ერაყსა და ლევანტში“ გაჩნდა. ის იბრძოდა სირიის არმიის, სირიელი მეამბოხეების და სხვადასხვა ექსტრემისტულ დაჯგუფებების წინააღმდეგაც კი. ძლიერი უცხოური დაფინანსების წყალობით დაჯგუფებამ თავისი გავლენა სწრაფად გაავრცელა სირიის მნიშვნელოვან ტერიტორიაზე, შემდეგ კი ერაყის რიგი რაიონებიც დაიპყრო. „ისლამური სახელმწიფოს“ ერთგულების ფიცდადებული ტერორისტების ბანდები აქტიურად მოქმედებენ ლიბიაში, იემენში, ეგვიპტეში. რელიგიური იდეებით ან სიმდიდრის დაპირებებით მოხიბლული ახალგაზრდები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან — მათ შორის ამერიკიდან, ევროპიდან და რუსეთიდან, ერაყსა და სირიაში ტერორისტების რიგებში საბრძოლველად მიდიან. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო ძალისხმევა ჯერჯერობით წარმატებით არ დასრულებულა. 


ყველა ახალი ამბავი
0