თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში იყვნენ ბრალდებულნი, თანამდებობებზე აღდგენილნი არიან, დაწერა „ფეისბუქის“ გვერდზე თავდაცვის უწყების მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.
„ჩვენ სასამართლო გადაწყვეტილებისა და კანონის მოთხოვნების შესაბამისად, მათთვის შეჩერებული უფლებამოისლება აღვადგინეთ. ვინმეს დამნაშავეობა/უდანაშაულობა თავდაცვის სამინისტროს განსასჯელი არ არის. ამას სასამართლო დაადგენს, ჩვენ კი კვლავაც კანონის უზენაესობის სამსახურში ვიქნებით“, — განმარტავს ხიდაშელი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალად ედებოდათ საკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტის სასარგებლოდ თავდაცვის საამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგების გაყალბება და 4 მლნ 102 ათასი ლარის (1,83 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით მათ 2014 წლის 30 ოქტომბერს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაცვის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულები წინასწარი პატიმრობიდან 2015 წლის 19 ივნისს გაათავისუფლა. მათ თავდებად საქართველოს პარლამენტის დეპუტატები — ვიქტორ დოლიძე, ნინო გოგუაძე, შალვა შავგულიძე, ზურაბ აბაშიძე და ირაკლი ჩიქოვანი დაუდგნენ.
თავდაცვის სამინისტროს ექს-თანამშრომლებისთვის აღკვეთის ზომის შეცვლის შუამდგომლობით საქართველოს მთავარი პროკურატურაც გამოვიდა და მათი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე გათავისუფლებისთვის გირაოს სახით 10 ათასი ლარის ოდენობის თანხა მოითხოვა.
დაკავებულთა შორის იყვნენ: შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია, სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე, სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი.
საქართველოს მთავარ პროკურატურასა და თავდაცვის სამინისტროს შორის დაპირისპირება, რაც თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების მიმართ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის აღძვრამ გამოიწვია, თავდაცვის მაშინელ მინისტრ ირაკლი ალასანიასა და კოალიცია „ქართული ოცნების“ მმართველ წრეებს შორის უთანხმოების მიზეზი გახდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წლის 4 ნოემბერს ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ალასანია თავიდანვე დაეჭვდა თავისი თანამშრომლების ბრალეულობაში და განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს.