თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა სააპელაციო სასამართლოში საჩივარი შეიტანა, რომლითაც ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე, 7 აგვისტოს თავისი ქონების სრული დაყადაღება გააპროტესტა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ოთხშაბათს, 12 აგვისტოს, ტელეკომპანიის ორი მფლობელის — ძმებ ყარამანაშვილების ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა აცნობა.
„რუსთავი 2“-ის ყოფილმა მფლობელმა, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 აგვისტოს მიმართა საავტორო უფლებებისათვის 500 ათასი დოლარისა და ტელეკომპანიის უძრავი ქონების დაბრუნების მოთხოვნით. თავის სარჩელში ხალვაში ასევე ითხოვდა ტელეკომპანიის მთელ ქონებაზე ყადაღის დადებას სასამართლოს დასრულებამდე.
„ბოლო-ბოლო ჩვენ გავეცანით სარჩელს. ამ საჩივარს ჩვენ რამდენიმე დღე ვამზადებდით. ქიბარ ხალვაში, როგორც თვითონ ამბობს სარჩელს 10 წელი ამზადებდა… ეს ქიბარ ხალვაშის სახელით მოქმედი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მცდელობაა“, — განუცხადა ჟურნალისტებს ყარამანაშვილების ოჯახის ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა.
2005 წელს ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს 100% წილს ფლობდა. 2005 წლია 26 დეკემბერს, ხალვაშმა 22% კომპანია „საქცემენტს“ (ამჟამად „ჰაიდელბერგ ცემენტ ჯორჯია“) გადასცა. ამ კომპანიის ერთპიროვნული მმართველი საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის გელა ბეჟუაშვილის მამა რობერტ ბეჟუაშვილი იყო. 2006 წელს ხალვაშმა დარჩენილი 78% კომპანია „ჯეო-ტრანს“-ს გადასცა, რომელიც ბიზნესმენ ბიძინა ნიჟარაძეს ეკუთვნოდა.
შექმნიდან —1994 წლიდან, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, ტელეკომპანიის მფლობელები 20-ჯერ შეიცვალნენ. ტელეკომპანიის სამი დამფუძნებლიდან ერთ-ერთი ეროსი კიწმარიშვილი, რომელმაც თავის დროზე თავისი წილი ქიბარ ხალვაშს მიჰყიდა, შარშან გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. გამოძიება კიწმარიშვილის სიკვდილის მიზეზებზე ჯერაც არ დასრულებულა.