ნატო აცხადებს, რომ რუსეთთან კონფრონტაციისკენ არ ისწრაფვის

© Public Domainნატო
ნატო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრიტანული კვლევითი ცენტრის მოხსენებაში გამოთქმული იყო შეშფოთება, რომ რუსეთისა და ნატოს სამხედრო წვრთნები ევროპაში ომის ალბათობას ზრდის. მაგრამ ნატო აცხადებს, რომ წვრთნები რუსეთთან დაპირისპირებას არანაირად არ უკავშირდება.

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. ნატო ბრიტანელი ექსპერტების მოხსენებაში თავისი წვრთნების რუსეთის ფედერაციის წვრთნებთან შედარებას არ ეთანხმება და ირწმუნება, რომ რუსეთი ფედერაციასთან კონფრონტაციისკენ არ ისწრაფვის, აღნიშნულია ალიანსის კომუნიკეში. ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ნატოსა და რუსეთის სამხედრო მომზადება ურთიერთდაპრისპირებისთვის მზადებას ნიშნავს.

მანამდე ბრიტანულმა ცენტრმა European Leadership Network მოხსენება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ნატო და რუსეთი დაპირისპირებისთვის ემზადებიან. ცენტრის ექსპერტებმა დეტალურად გააანალიზეს არც ისე დიდი ხნის წინ რუსეთში ჩატარებული დიდი მასშტაბის წვრთნები, რომელშიც 80 ათასი ადამიანი მონაწილეობდა და 2015 წლის მარტსა და ივნისში გამართული ნატოს წვრთნები, რომელშიც 15 ათასი ჯარისკაცი მონაწილეობდა. მათ შეადგინეს ინტერაქტიული რუკები, ილუსტრაციული სცენარები და წვრთნების განლაგება. მოხსენებას მაღალფარდოვანი დასახელება აქვს — „ვემზადებით უარესობისთვის: აძლიერებს თუ არა რუსეთისა და ნატოს სამხედრო წვრთნები ევროპაში ომის ალბათობას?“.

 „EuropeanLeadershipNetwork-ის დღევანდელი მოხსენება ერთ დონეზე ნატოსა და რუსეთის სამხედრო წვრთნებს შეცდომით აყენებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ წელს 4000-ზე მეტი წვრთნების შესახებ განაცხადა, რაც 10-ჯერ და უფრო მეტია, ვიდრე ნატო და მისი მოკავშირეები იმავე დროის მონაკვეთში აპირებენ ჩატარებას“, — აღნიშნულია ალიანსის კომუნიკეში. ასევე ნათქვამია, რომ „რუსეთმა ცოტა ხნის წინ ჩატარებულ წვრთნებში ბირთვული ძალები ჩართო“.

 „ნატომ არაერთხელ განაცხადა, რომ ჩვენ რუსეთთან კონფრონტაციას არ ვეძებთ“, — აცხადებს ალიანსი. ამასთან, კომუნიკეში გამეორებულია ალიანსის პოზიცია, რომლის თანახმადაც რუსული წვრთნების მასშტაბები „დაძაბულობას კი არ ამცირებს, არამედ აძლიერებს“. „რუსეთი სპეციალურად არიდებს თავს სამხედრო გამჭვირვალობასა და პროგნოზირებულობას. მან სპეციალურად აუარა გვერდი ეუთოს ვენის დოკუმენტს, რომელიც წვრთნების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და დამკვირვებლების დასწრებას ითვალისწინებს და ის ფართომასშტაბური გამოუცხადებელი „მოულოდნელი“ წვრთნებისთვის მუდმივად სიტყვა „გამონაკლისს“ იყენებს“, — წერია კომუნიკეში.

ალიანსი, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ მისი წვრთნები „ღიაა დამკვირვებლებისთვის, მათ შორის რუსეთიდან“. „სინამდვილეში, ნატოს ყველა წვრთნების შესახებ რამდენიმე თვით ადრეა ცნობილი, ინფორმაცია ნატოს ინტერნეტ-გვერდზე ქვეყნდება. რუსეთი მუდმივად უარყოფს ნატოს წინადადებებს მეტი გამჭვირვალობის შესახებ, რომელიც ამჟამინდელ კრიზისამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო“, — აცხადებს ალიანსი. ამავე დროს, ალიანსი რუსეთს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შეთანხმების, ღია ცის შესახებ შეთანხმებისა და ვენის დოკუმენტის შესრულებაში დაბრკოლებების შექმნაში სდებს ბრალს. 

ნატოს ქვეყნებმა, რუსეთთან უკრაინის საკითხებზე უთანხმოებების ფონზე, ევროპაში სამხედრო საქმიანობის გაფართოების შესახებ განაცხადეს, მათ შორისაა სწრაფი რეაგირების ძალების გაძლიერება, ამერიკული კონტინგენტის გაზრდა, წვრთნებისა და პატრულირების პროგრამის მკვეთრი გაფართოება, ასევე თავდაცვითი ხარჯების ზრდა. რუსეთმა განაცხადა, რომ საუბარია ნატოს აქტიურობის უპრეცედენტო გაფართოებაზე მის საზღვრებთან.  

 

 

ყველა ახალი ამბავი
0