იუსტიციის საბჭო ხელისუფლებას "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით თავშეკავებისკენ მოუწოდებს

© photo: Sputnik / Рухкян / გადასვლა მედიაბანკში"რუსთავი 2"
რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასამართლო „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის სარჩელს განიხილავს, რომელიც საავტორო უფლებების დარღვევისთვის 500 ათასი აშშ დოლარის დაუბრუნდეს ტელეკომპანიის უძრავი ქონების დაბრუნებას ითხოვს. ტელეკომპანიის ქონებას უკვე ყადაღა დაედო.

თბილისი, 12აგვისტო — Sputnik. იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების მოხდენის თავიდან აცილების მიზნით, ხელისუფლების წარმომადგენლებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

სასამართლო „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის სარჩელს განიხილავს, რომელიც საავტორო უფლებების დარღვევისთვის 500 ათასი აშშ დოლარისა და ტელეკომპანიის უძრავი ქონების დაბრუნებას ითხოვს. ტელეკომპანიის ქონებას უკვე ყადაღა დაედო. 

საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრმა „რუსთავი 2“ მიკერძოებულობაში დაადანაშაულა, ხოლო ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ კი თანაგუნდელებს ტელეკომპანიისთვის ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდა. ოპოზიცია მხარს უჭერს „რუსთავი 2“-ს.

 „ერთი ან მეორე მხარის მიმართ ხელისუფლების სხვადასხვა განცხადებებმა ან კომენტარებმა, შეიძლება სასამართლო დამოუკიდებლობას საფრთხე შეუქმნას. იმისათვის, რომ სასამართლოზე ზეწოლა არ მოხდეს, ჩვენ მოვუწოდებთ მოსარჩელე მხარეებს, დაინტერესებულ პირებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ავტორიტეტის შემლახავი განცხადებების გაკეთებისგან“, — ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში.

საზოგადოებისა და მედიის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, სასამართლო პროცესი ღია და გამჭვირვალე იქნება, აღნიშნულია განცხადებაში.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ამ ეტაპზე საქართველოში ყველაზე რეიტინგული ტელევიზიაა. ის სახელმწიფოსგან არ ფინანსდება და შემოსავლის ძირითადი წყარო, არხზე გასული რეკლამებიდან შემოსული თანხებია.

2015 წლის პირველ ნახევარში ტელეკომპანიამ რეკლამებისგან 27,5 მლნ ლარის ოდენობის შემოსავალი მიღო.

პოპულარობა „რუსთავი 2“-მა 2003 წელს მოიპოვა, როდესაც საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა, რაც „ვარდების რევოლუციისა“ და ქვეყნის სათავეში მიხეილ სააკაშვილის მოსვლის წინაპირობა გახდა. ამის შემდეგ მას „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიას“ უწოდებდნენ.

2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ტელეკომპანია ხელისუფლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გახდა. „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი არაერთხელ აცხადებდა, რომ „რუსთავი 2“ სააკაშვილის ტელევიზიაა, ხოლო ამჟამინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია სიცრუეში არაერთხელ დაადანაშაულა.

 


ყველა ახალი ამბავი
0