თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შექმნილმა „ისლამური სახელმწიფოს“ პროპაგანდასთან ბრძოლის ცენტრმა მოსახლეობას მოუწოდა, ამხილონ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ამ ექსტრემისტული ისლამისტური ორგანიზაციის მხარდამჭერთა გვერდები და ჩანაწერები.
პირველი ე.წ. ცენტრი „ისლამური სახელმწიფოს“ ინტერნეტ-პროპაგანდის წინააღმდეგ აშშ-მა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ივლისში ერთობლივად გახსნეს. მას „ას-სავაბი“ ეწოდება, რაც არაბულად „სიმართლეს“ ნიშნავს.
ამჟამად ცენტრს „ტვიტერში“ შვიდი ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, ასევე გახსნილია გვერდი „ფეისბუქზე“ და არხი „იუთუბზე“.
„ექსტრემიზმთან ბრძოლა აღარ არის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, ის სოციალურ მოვალეობად გადაიქცა“, — წერია ცენტრის მიერ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში. „ყური დაუგდე და დაგვეხმარე, რომ „დაეშის“ („ისლამური სახელმწიფოს“ არაბული დასახელება) ცრუ იდეოლოგიას ბოლო მოეღოს, გვაცნობე „ტვიტერში“ ამ დაჯგუფების მომხრეების შესახებ“, — აღნიშნულია მეორე წერილში.
ცენტრმა გამომწერებს შესთავაზა, აცნობონ ცენტრს „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრეების „შეურაცხმყოფელი და მავნე“ ჩანაწერების შესახებ და თავი შეიკავონ მისი გავრცელებისგან.
„ას-სავაბის“ მიზანია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში საერთაშორისო კოალიციის მხარდაჭერა და „ზომიერი“ ისლამის იდეების გავრცელება. ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოქმედებს ექსტრემიზმთან ბრძოლის მსგავსი ინიციატივა (ცენტრი „ალ-ჰიდაია“) და მუსულმანურ საზოგადოებაში მშვიდობის გამტკიცების ფორუმი.