თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ენერგეტიკის სამინისტრომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, მდ. მტკვარზე ასაშენებელი „აწყური ჰესისა“ და „დვირი ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. ინტერესთა გამოხატვა კომპანია შ.პ.ს „მტ გრიინ ენერჯი” განაცხადის საფუძველზე გამოცხადდა. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო იტყობინება.
დაინტერესებულმა პირებმა პროექტის განხორციელების შესახებ განაცხადი ინტერესთა გამოხატვით დადგენილი პირობების შესაბამისად, ენერგეტიკის სამინისტროში (სანაპიროს ქ. №2) 2015 წლის 11 სექტემბრის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ.
„აწყური ჰესისა“ და „დვირი ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 10.4 მვტ-ია, წლიური გამომუშავება კი 55.5 მლნ.კვტ.სთ-ია. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 15,000,000 აშშ დოლარს შეადგენს.