თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. დიდი ქართველი კომპოზიტორისა და ლეგენდარული მაესტროს გია ყანჩელის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მთელი წლის განმავლობაში საზეიმო კონცერტების სერია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი მიიღებს, იუწყება საქართველოს კულტურის სამინისტრო.
კონცერტების სერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება.
„პირველი კონცერტი 22 აგვისტოს „იანგ ეურო კლასიკ“ ფესტივალის ოფიციალური პროგრამის ფარგლებში ბერლინის ისტორიულ დარბაზში „კონცერტჰაუზში“ გაიმართება“, — აღნიშნულია განცხადებაში.
ბერლინის „კონცერტჰაუზში“ ყანჩელის მუსიკასთან ერთად ესტონელი კომპოზიტორის არვო პიარტას მუსიკაც გაიჟღერებს. კონცერტზე სოლისტები იქნებიან დუდანა მაზმანიშვილი, ანდრეს მუსტონენი, გიორგი ცაგარელი. ორკესტრს ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს.
გერმანიაში პროექტი საქართველოს საელჩოს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და „DAAD“-ის ფონდის პატრონაჟით ხორციელდება.
გია ყანჩელი 1935 წლის 10 აგვისტოს თბილისში, ექიმის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა მუსიკალური სკოლა, შემდეგ თბილისის უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი (1959 წელს) და ამის მერე ჩააბარა თბილისის კონსერვატორიაში, რომელიც 1963 წელს (იონა ტუსკიას საკომპოზიციო კლასი) კომპოზიციის განხრით დაამთავრა.
ყანჩელი თბილისის კონსერვატორიაში საკრავთმცოდნეობას ასწავლიდა. 1991 წლიდან ბერლინში (გერმანია) ცხოვრობდა, სადაც ხელოვნების გერმანული აკადემიის სტიპენდია მიიღო. ფლანდრიის სამეფო ფილარმონიული ორკესტრის მიწვევით, 1995 წლიდან ის ანტვერპენში (ბელგია) ცხოვრობს.
გია ყანჩელი მრავალი სიმფონიური და კამერული ნაწარმოების ავტორია. დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული სპექტაკლებისთვის, ათეულობით კინოფილმისთვის, მათ შორის ისეთი პოპულარული ფილმებისთვის, როგორებიცაა „მიმინო“, „შერეკილები“, „არ დაიდარდო“ „ქინ-ძა-ძა!“ და სხვა.
ყანჩელის შესახებ რამდენიმე დოკუმენტური ფილმია გადაღებული. მათ შორისაა „გია ყანჩელი“ (2001), „გია ყანჩელი. ცხოვრება ბგერებში“ (2011), „მიმინო (საბჭოთა კინოს საიდუმლოება)“ (2012) და სხვა.
გია ყანჩელი მრავალი პრემიის ლაურეატია: საქართველო სახელმწიფო პრემია, რუსთაველის პრემია და ღირსების ორდენი, პრემია „ნიკე“ ფილმისთვის („ქინ-ძა-ძა“) დაწერილი საუკეთესო მუსიკისთვის (1987), „ვოლფის“ პრემია და სხვა. არის საქართველოს სახალხო არტისტი, მინიჭებული აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება (2007). ყანჩელი არის რუსეთის კინემატოგრაფიული ხელოვნების აკადემიის „ნიკას“ აკადემიკოსი.