თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. „ბარსელონას“ ფეხბურთელებმა ანდრეს ინიესტამ და დანი ალვეშმა ორშაბათს, 10 აგვისტოს, „დინამო არენაზე“ პრეს-კონფერენცია გამართეს.
„ბარსელონასა“ და „სევილიას“ შორის მატჩი 11 აგვისტოს „დინამო არენაზე“ გაიმართება. ორთაბრძოლა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
კატალონიური გუნდის ნახევარმცველმა აღნიშნა, რომ მომავალი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს სეზონის დასაწყისია და სტარტის აღება პოზიტივით უმჯობესია.
„ბევრი ფიქრობს, რომ ჩვენ ადვილად მოვიგებთ, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს იქნება კარგი თამაში ძლიერ მეტოქესთან და გამარჯვებისათვის ჩვენ 100%-ით გახარჯვა მოგვიწევს“, — აღნიშნა ინიესტამ.
ფეხბურთელებს იმაზეც ჰკითხეს, აპირებს თუ არა „ბარსელონა“ კვლავ ექვსი ტიტული მოიპოვოს.
„ეს რთული განსახორციელებელია, მაგრამ ყოველ ტურნირზე ბრძოლის დაწყების წინ, ჩვენ მისი მოგება გვინდა. ჩვენ ეხლა მხოლოდ ხვალინდელი მატჩისათვის ვართ განწყობილი“ — თქვა ინიესტამ.
ჟურნალისტებმა დანი ალვეშს ჰკითხეს — რას გრძნობს ხვალინდელი შეხვედრის წინ, რადგან თუ „ბარსა“ მოიგებს, მაშინ ბრაზილიელი პაოლო მალდინის გაუთანაბრდება სუპერთასზე მოგებების რიცხვით.
„გულწრფელად გითხრათ ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ფეხბურთი გუნდური თამაშია და პირადი მიღწევები მეორეხარისხოვანია. მთავარია რომ გუნდი იყოს წარმატებული და შემდეგი ტიტული მოიპოვოს“, — განაცხადა დანი ალვესმა.