თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. 10 აგვისტოს, ორშაბათს, თბილისში 2015 წლის სუპერთასის გათამაშების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ჩამოვიდა. პლატინისთან ერთად საქართველოს დედაქალაქში ჩამოვიდა კიევის „დინამოს“ პრეზიდენტი, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გიორგი სურკისი.
უეფას სუპერთასის მატჩი „ბარსელონასა“ და „სევილიას“ შორის თბილისში 11 აგვისტოს გაიმართება. ორთაბრძოლა თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.
როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ განაცხადა, პლატინის ვიზიტი დეტალურადაა გაწერილი. თუმცა შესაძლოა მასში ცვლილებები შევიდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი პლატინის საქართველოს პრეზიდენტთან ან პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მიიწვევენ. არ არის გამორიცხული, რომ პლატინი ორივეს შეხვდეს, აღნიშნა არველაძემ.
უეფას სუპერთასისათვის მატჩის დასრულების შემდეგ მიშელ პლატინი დაჯილდოების ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.