კალაძე: ასეთ აჟიოტაჟს არ მოველოდი

© блог Кахи Каладзеკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მილანისა“ და საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი, საქართველოს ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე „ბარსელონა“ – „სევილიის“ მატჩამდე აცხადებს, რომ ასეთ აჟიოტაჟს არ მოელოდა.

თბილისი, 10აგვისტო — Sputnik. „ბარსელონა“-„ სევილიის“ საფეხბურთო მატჩამდე UEFA.com-ის კორესპონდენტი საქართველოს ვიცე-პრემიერსა და ენერგეტიკის მინისტრს, საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილ მცველს კახა კალაძეს გაესაუბრა. 

 „ასეთ აჟიოტაჟს არ ველოდი“, — აღნიშნა კალაძემ, რომელიც საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად ხუთჯერ იქნა დასახელებული. წარსულში ცნობილი ფეხბურთელი და ამ ეტაპზე ქვეყნის ვიცე-პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ თბილისში გამართული უეფას სუპერთასის მატჩი საქართველოს კარგ სპორტულ მემკვიდრეობას დაუტოვებს. უეფას ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულმა კალაძემ ასევე გაიხსენა 2007 წელს გამართული უეფას სუპერთასის მატჩი, როდესაც „მილანმა“ მონაკოში „სევილიას“ მოუგო.

- რას ელოდებით მატჩისგან?

— როგორც ფეხბურთის ნებისმიერი ქართველი გულშემატკივარი ვთვლი, რომ ასეთი მასშტაბის მატჩის გამართვა ჩვენი ქვეყნის დიდ წარმატებად მიმაჩნია. ფინალური მატჩი ყოველთვის საინტერესო საყურებელია. მით უმეტეს, როდესაც ასეთი ძლიერი გუნდები ხვდებიან ერთმანეთს. ესპანეთის ორი გუნდის ერთმანეთის საწინააღმდეგოდ თამაში ამ მატჩისადმი ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებს.

- როგორ ფიქრობთ, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ევროპის ლიგის ძლიერ გუნდთან მატჩის დროსაც ფავორიტი იქნება?

— თუ ორივე ტურნირის დონეს შევადარებთ, განსხვავება, რა თქმა უნდა არის, მაგრამ უმეტესწილად ეს განსხვავება ევროპის ლიგის მცირე ბიუჯეტის გამო ვლინდება. ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის იყო და დარჩება მსოფლიოს საუკეთესო ტურნირად, და მაინც, ამ მატჩში გამარჯვებულის წინასწარ დასახელება ადვილი არ არის. მე ფავორიტად „ბარსელონას“ ვთვლი. ყველა კრიტერიუმის გათვალისწინებით, იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. 

- ისეთი ვარსკვლავების ჩამოსვლა, როგორიც ნეიმარი და ლიონელ მესია, ქართველ გულშემატკივრებზე  როგორ შთაბეჭდილებას მოახდენს? 

— გაყიდული ბილეთების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, მოლოდინი ძალზე დიდია. მე წლების განმავლობაში ვადევნებ თვალს უეფას სუპერთასის მატჩებს, მაგრამ ასეთი აჟიოტაჟი არსად ატეხილა. ჩვენთან ფეხბურთი უყვართ. მესის და მის გუნდს საქართველოში გულშემატკივრების დიდი არმია ჰყავს და ისინი მესის ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლას დიდი სიხარულით ელიან. 

- რას მოუტანს საქართველოს უეფას სუპერთასის მატჩი?

— ახალბედა ფეხბურთელებს მოტივაცია გაუჩნდებათ, როდესაც ისინი ამ დონის ვარსკვლავების ვარჯიშებს საკუთარი თვალით ნახავენ. ეს მათთვის ბიძგის მიმცემი იქნება და შეეცდებიან მომავალში წარმატებას მიაღწიონ.

ამ დონის საფეხბურთო მატჩი პოლიტიკური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რამეთუ პოპულარობას უწყობს ხელს. საქართველო თანდათან ცნობადი ხდება. მერწმუნეთ, რამდენიმე წლის წინ ვერც წარმოვიდგენდით, რომ უეფას სუპერთასის მატჩი საქართველოში ჩატარდებოდა. ავიღოთ თუნდაც საფეხბურთო სტადიონები, რომლებიც მზადყოფნაში არ იყო. სახელმწიფომ დაახლოებით 8 მლნ ევრომდე დახარჯა ამ მატჩის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. მე თავად დავათვალიერე „დინამო არენა“ და სიამაყე ვიგრძენი, რომ ჩვენმა ქვეყანამ ეს შეძლო.

- თქვენ 2007 წლის უეფას სუპერთასი მოიგეთ. როგორი მოგონებები გაქვთ იმ მატჩთან დაკავშირებით?

— ეს ძალზე მნიშვნელოვანი მატჩი იყო როგორც ჩემთვის, ისე მთელი გუნდისთვის. ადვილი არ იყო, თუმცა, ჩვენ გამარჯვება შევძელით. მაშინ „მილანი“ მსოფლიოში საუკეთესო გუნდი იყო. ჩემს კარიერაში ყველაზე საუკეთესო წლები სწორედ „მილანს“ უკავშირდება.

- ქართული ფეხბურთისთვის არსებითია თამაშის შემტევი მანერა. როგორ მოხდა, რომ ყველაზე საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი თავდამსხმელი გახდა?

— დიახ, ქართველი ფეხბურთელები  ძირითადად ტექნიკური მოთამაშეები არიან. ისინი ეფექტურად თამაშობენ, არ ეშინიათ შეტევის. ფიზიკურად კარგ ფორმაში ვიყავი. მე სამ ფაქტორს გამოვყოფ, რომელმაც ჩემი წარმატება განაპირობა — შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა და იღბალი.

- ფეხბურთიდან პოლიტიკაში წახვედით. რამდენად რთული იყო გარდამავალი პერიოდი? გეხმარებათ ფეხბურთი დღევანდელ საქმიანობაში?

— სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, დიდხანს ვფიქრობდი. ვიცოდი რამდენად რთულ გზას ვირჩევდი. რა თქმა უნდა, პირველ თვეებში რთული იყო — საერთოდ ახალი სფერო იყო, თუმცა, მე ბიზნესში გარკვეულწილად გამოცდილი ვიყავი — საკუთარი ბანკი და კომპანია მქონდა. ყოველივე ეს და საფეხბურთო კარიერის დროს მიღებული გამოცდილება საკმაოდ დამეხმარა. 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0