თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. 2015 წლის ბოლომდე ფისკალური სექტორის მხრიდან ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლა არ განხორციელდება. ამაზე ის ფაქტი მიუთითებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის გავლენა მიმდინარე წელს სავალუტო ნაკადებზე მხოლოდ პოზიტიურია, იტყობინება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან მორიგი საქმიანი დისკუსია გაიმართა, რომელზეც სამინისტრომ წარადგინა დეტალური ინფორმაცია მიმდინარე მაკროეკონომიკური მაჩვენებლებისა და სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე.
შეხვედრაზე განხილული იქნა როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეროვნული ბანკის, ასევე კომერციული ბანკების მიერ მომზადებული პროგნოზები, მათ შორის, ლარის კურსზე მოქმედი ყველა ფაქტორი და შეჯერდა პოზიციები, რომ ამ ეტაპზე არსებული პროგნოზების მიხედვით ლარის კურსზე, ბიუჯეტის მხრიდან მოქმედი პარამეტრების გაუმჯობესებაა მოსალოდნელი.
„დღეისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში უცხოური ვალუტის შემოდინება 81 მლნ აშშ დოლარით აჭარბებს გადინებას. აღნიშნული მაჩვენებელი წლის ბოლომდე გადააჭარბებს 190 მლნ აშშ დოლარს. ყველაფერი ეს მიუთითებს, რომ წლის ბოლომდე ფისკალური სექტორის მხრიდან ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლა არ განხორციელდება“, — იტყობინება ფინანსური უწყება.
სამინისტროს ინიციატივით, ასევე დამატებითი კონსულტაციები გაიმართება ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებითაც.
შეხვედრას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, მინისტრის მოადგილეები, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში აზიმ სადიკოვი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი და ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია ესწრებოდნენ.