თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. „როსსელხოზნადზორის“ ხელმძღვანელი 13 აგვისტოს მოსკოვში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველთან დაგეგმილ შეხვედრაზე, ტექნიკურ საკითხებს განიხილავს. ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე პროდუქტების უსაფრთხოების მიმართულებით ზურაბ ჩეკურაშვილი ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში რუს სპეციალისტებთან ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.
„რუსეთის ბაზარი გახსნილია ქართული სასოფლო სამეუნეო პროდუქციისათვის, ალკოჰოლური სასმელების, მინერალური წყლის, შესაბამისად სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისათვის, პერმანენტულად ტარდება ორი ქვეყნის სპეციალისტთა შეხვედრები და დაგეგმილი შეხვედრა ერთ-ერთი მორიგია“, — იტყობინება უწყების პრეს-სამსახური.
გასულ კვირას რფ პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მთავრობამ შესაძლოა ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიმართოს მოთხოვნით, რათა გაიზარდოს იმ ქვეყნების სია, რომელთა მიმართ შემოღებულია სასურსათო ემბარგო. იმავე დღეს რფ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა შესაბამისი წინადადებების მომზადების დაწყების შესახებ: კონტრზომების მიღების საკითხი შვიდი ქვეყნის წინააღმდეგ მუშავდება — საქართველოს ჩათვლით.
საქართველოს ხელისუფლება ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ქვეყანას არ მიუღია ახალი გადაწყვეტილება ევროკავშირის ანტირუსული სანქციებისადმი მიერთების შესახებ. ამასთან, რფ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გასულ სამშაბათს „როსპოტრებნადზორმაც“ გააკეთა განცხადება, რომ ქართველი მეღვინეები სისტემატიურად არღვევენ წარმოების ტექნოლოგიებს, ხოლო ქართული საზედამხედველო ორგანოები არასაკმარისად აკონტროლებენ გამოშვებულ პროდუქციას.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პასუხად განაცხადა, რომ სწავლობს პრეტენზიებს. ამავე დროს აღნიშნა, რომ ქვეყანაში ქართული ღვინის, როგორც ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო საქონლის ხარისხის მკაცრი კონტროლი ხორციელდება.
რუსეთში ქართული პროდუქციის შეტანაზე შეზღუდვა ჯერ არ ვრცელდება, მაგრამ 2006 წელს სწორედ „როსპოტრებნადზორის“ განცხადების პრეტენზიების შემდეგ, სრულად აიკრძალა საქართველოდან რუსეთში ქართული ღვინის, მინერალური წყლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების შეტანა. რუსეთში ამ პროდუქტების იმპორტი მხოლოდ 2013 წელს აღსდგა.