„რუსთავი 2“-ის იურისტი: ტელეკომპანიის ქონების დაყადაღება დაუსაბუთებელია

გამოწერა
ხალვაშს რომ თავისი ქონების დაბრუნება სდომოდა, იგი მფლობელთა წილების დაყადაღებას მოითხოვდა, დირექტორის უფლებების შეზღუდვა და სხვა ფაქტორები კი კომპანიის საქმიანობისათვის ხელის შეშლის მიზანზე მიუთითებს, თვლის „რუსთავი 2“-ის იურისტი.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის იურისტები 12 აგვისტომდე გაასაჩივრებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ტელეკომპანიის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე, განაცხადა ტელეკომპანიის იურისტმა თამთა მურადაშვილმა. 

 „რუსთავი 2“-ის ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა 2015 წლის 4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, რომ საავტორო უფლებებისათვის აუნაზღაურდეს 500 ათასი დოლარი და დაუბრუნდეს ტელეკომპანიის მთელი უძრავი ქონება.  

 საქალაქო სასამართლომ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე ყადაღა დაადო ტელეკომპანიის მთელ ქონებას. 

 „ჩვენ მოვითხოვთ სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას იმის საფუძველზე, რომ მოსამართლე არასწორად მსჯელობდა და უკანონო გადაწყვეტილებები მიიღო. სარჩელი მას ამის გაკეთების საფუძველს არ აძლევდა“, — განაცხადა მურადაშვილმა. 

 ხალვაშს რომ თავისი ქონების დაბრუნება სდომოდა, იგი მფლობელთა წილების დაყადაღებას მოითხოვდა, დირექტორის უფლებების შეზღუდვა და სხვა ფაქტორები კი კომპანიის საქმიანობისათვის ხელის შეშლის მიზანზე მიუთითებს, თვლის მურადაშვილი. 

 2005 წელს ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს 100% წილს ფლობდა. 2005 წლის 26 დეკემბერს, ხალვაშმა 22% კომპანია „საქცემენტს“ (ამჟამად „ჰაიდელბერგ ცემენტ ჯორჯია“) გადასცა. ამ კომპანიის ერთპიროვნული მმართველი საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის გელა ბეჟუაშვილის მამა რობერტ ბეჟუაშვილი იყო. 2006 წელს ხალვაშმა დარჩენილი 78% კომპანია „ჯეო-ტრანს“-ს გადასცა, რომელიც ბიზნესმენ ბიძინა ნიჟარაძეს ეკუთვნოდა. 

 ქიბარ ხალვაშმა საქართველო ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, ოქრუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ დატოვა და 2007 წლის ბოლოს გერმანიაში პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიიღო. 

 ხელისუფლების სათავეში კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, მან ოფიციალურად მიიღო პოლიტიკური დევნილის სტატუსი და საქართველოში დაბრუნების უფლება. თავდაცვის ექს-მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ ყველა მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში გაამართლა და შარშან დაღუპულ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელ ეროსი კიწმარიშვილთან ერთად პარტია შექმნა. 

ყველა ახალი ამბავი
0