ქიბარ ხალვაშს „რუსთავი 2“-ზე საავტორო და ქონებრივი უფლებების დაბრუნება სურს

© photo: Sputnik / Дмитрий Коробейников / გადასვლა მედიაბანკშისაეთერო სტუდია
საეთერო სტუდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა იმ სარჩელის დეტალებზე ისაუბრა, რომელიც „რუსთავი 2“-ის ყოფილმა მმართველმა ქიბარ ხალვაშმა თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელი ქიბარ ხალვაში 500 ათას აშშ დოლარს და ტელეკოპანია „რუსთავი 2“-ის მთელ უძრავ ქონებას მოითხოვს, განაცხადა ტელეკომპანიის იურისტმა თამთა მურადაშვილმა.

ტელეკომპანიის  ყოფილმ ა მფლობელმა  ქიბარ ხალვაშმა 2015 წლის 5 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკუთარი წილის დაბრუნების მოთხოვნის სარჩელით მიმართა, რომელიც, ხალვაშის განცხადებით, 2006 წელს უკანონოდ ჩამოართვეს.  თბილისის საქალაქო სასამართლომ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე ტელეკომპანიის ქონების დაყადაღების შესახებ გადაწყვეტილება 7 აგვისტოს გამოიტანა.

„რუსთავი 2“-ის იურისტებმა სარჩელის დეტალების გაცნობა მხოლოდ 10 აგვისტოს შეძლეს.

„სარჩელის პირველი ნაწილი საავტორო უფლებებს ეხება. ხალვაში აცხადებს, რომ „რუსთავი2“-ის ლოგოტიპისა და პროექტების — „უკანასკნელი გმირი“, „ჯეობარისა“ და „ფორტ ბოიარდის“ ავტორია, სარჩელი სასაცილოა, რომ ამისთვისაც მოითხოვს ტელეკომპანიისგან 500 ათას დოლარს“, — განაცხადა მურადაშვილმა სარჩელის დეტალების შესახებ საუბრისას.

 „რუსთავი 2“-ის ლოგოზე ტელეკომპანიის მარკეტოლოგებმა და გრაფიკოსებმა იმუშავეს, აღნიშნა მურადაშვილმა.  „ეჭვი მეპარება, რომ ხალვაში უფრო კრეატიულია, ვიდრე ისინი“, — თქვა მან.

რაც შეეხება სატელევიზიო პროექტებს, ყველა პროექტი საერთაშორისო ფორმატის ლიცენზირებული პროექტებია და ტელეკომპანიამ ისინი შეიძინა, აღნიშნა ადვოკატმა.

 „თუ ხალვაში აცხადებს, რომ ის ამ პროექტების ავტორია, მაშინ შეგახსენებთ, ეს პროექტები სხვა არხებზეც საერთაშორისო დონეზე გადიოდა. ამიტომ მან, ალბათ, სხვა ტელევიზიების წინააღმდეგაც უნდა მიმართოს სასამართლოს თუ მისი საავტორო უფლებები ირღვევა“, — განაცხადა იურისტმა. 

სარჩელის მეორე ნაწილში ხალვაში ირწმუნება, რომ მას „რუსთავი 2“-ის გაყიდვა აიძულეს და მოყვანილია შესყიდვაზე შეთანხმებების ქრონოლოგია, განაცხადა მურადაშვილმა.

 „უნდა აღინიშნოს, რომ მან საავტორო უფლებების ნაწილში მტკიცებულებების სახით არაფერი წარმოადგინა და მიუთითა, რომ მოწმეებს მოიწვევს და ისინი წარდგებიან რა სასამართლოს წინაშე, მის უფლებებს დაადასტურებენ. მეორე ნაწილში მან წარმოადგინა  ნასყიდობის ხელშეკრულების ასლები და,,რუსთავი 2’’-ის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთისა  და ზედ არსებული შენობა-ნაგებობის საკადასტრო კოდები“, — განაცხადა ადვოკატმა.

მურადაშვილის განმარტებით, სარჩელში არის დოკუმენტაცია იმის შესახებ, რომ ხალვაშმა პროკურატურას მიმართა და აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

 „მან სარჩელს თან დაურთო პროკურატურის წერილი ეკა ბესელია საადვოკატო ბიუროსადმი, რომელიც მის ინტერესებს იცავს. ეს ერთადერთი მტკიცებულებაა, რომელიც მან სარჩელს დაურთო. შესაბამისად, გაუგებარია, როგორ მიიღო მოსამართლემ ასეთი გადაწყვეტილება“, — აღნიშნავს მურადაშვილი. 

ქიბარ ხალვაში 2005წელს „რუსთავი 2-ის“ წილის 100%-ს ფლობდა. იმავე წლის დეკემბერში მან 22%-იანი წილი კომპანია „საქცემენტს“ გადასცა, რომელიც ერთპიროვნულად ეკუთვნოდა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, გელა ბეჟუაშვილის მამას რობერტ ბეჟუაშვილს. 2006 წელს ხალვაშმა დარჩენილი 78%-იანი წილი ბიძინა ნიჟარაძის კუთვნილ „ჯეო-ტრანსს“ მიჰყიდა. 

ქიბარ ხალვაშმა საქართველო მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დატოვა, როდესაც ოქრუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 2007 წელს მან გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

ხელისუფლებაში კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ხალვაში ოფიციალურად პოლიტიკურ დევნილად აღიარეს. მას საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა. თავდაცვის ექს-მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ყველა საქმეზე გაამართლეს. მან გასულ წელს გარდაცვლილ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელ ეროსი კიწმარიშვილთან ერთად პარტია შექმნა.

 


ყველა ახალი ამბავი
0