თბილისი, 10აგვისტო — Sputnik. საქართველოს შს სამინისტრომ საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, დეპუტატ გიორგი კარბელაშვილის დაკავების ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა, იტყობინება უწყების პრეს-სამსახური ორშაბათს, 10 აგვისტოს.
შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, 10 აგვისტოს ღამით, სოფ. ოსიაურის გზაზე "ტოიოტას" მარკის ავტომანქანა ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერეს. ავტომანქანას დეპუტატი კარბელაშვილი მართავდა, რომელიც, მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. სამართალდამცველებსა და დეპუტატს შორის ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, როცა პატრულის თანამშრომელმა მისთვის ჯარიმის გამოწერა გადაწყვიტა. სწორედ ეს ფაქტი გადაიღო საპატრულო მანქანაზე დამონტაჟებულმა ვიდეოთვალმა.
„ვიდეოკადრებში კარგად ჩანს თუ როგორ აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას პატრულის თანამშრომლებს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დეპუტატი და მისი თანმხლები პირი. გარდა ამისა, ისინი სამართალდამცველებს თავიანთი მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიან“, — ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ დროისათვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კარბელაშვილი გათავისუფლებულია გამომდინარე იქიდან, რომ მას დეპუტატის იმუნიტეტი იცავს. საქართველოს პროკურატურა აპირებს საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კარბელაშვილისათვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის განცხადებით პარლამენტს მიმართოს.
გარდა ამისა, მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლოს საქმე. გამოძიება საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის ან ძალადობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით) მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.