„ისლამური სახელმწიფოს“ აჩრდილი კავკასიის თავზე

© photo: Sputnik / Дмитрий Донской / გადასვლა მედიაბანკშისერგეი მარკედონოვი
სერგეი მარკედონოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფოს“ (ესის-ი) პოტენციალის სხვადასხვაგვარი შეფასებისას, უკიდურესად მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ საფრთხე რეალურზე მეტია, რაოდენ შორადაც არ უნდა მოეჩვენოს ის ვინმეს დიდი კავკასიონიდან, მიაჩნია პოლიტოლოგ სერგეი მარკედონოვს.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik.

სერგეი მარკედონოვი— რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საზღვარგარეთის რეგიონთმცოდნეობისა და საგარეო ოილიტიკის კათედრის დოცენტი.  

გასული კვირის ბოლოს თურქეთის 16 რეგიონში ანტიტერორისტული სპეცოპერაციები ჩატარდა. ერთ-ერთი ოპერაციისას ეთნიკური აზერბაიჯანელი აბდულა აბდულაევი დააკავეს. ეს ადამიანი „ისლამური სახელმწიფოს“ ემისარია. მისი ფუნქცია კავკასიის რეგიონის წარმომადგენლების ტერორისტულ ორგანიზაციაში გადაბირება და ახლო აღმოსავლეთში გაგზავნა იყო.  

რამდენად საშიშია „ისლამური სახელმწიფო“ დიდი კავკასიონისთვის? 

ბოლო დროს კავკასიას სულ უფრო ხშირად მოიხსენიებენ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ (ესის-ი) კავშირში. ივნისში პანკისის ხეობაში ქართულმა სპეცსამსახურებმა ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში ეჭვმიტანილი ხუთი ადამიანი დააკავეს, მათ შორის სალაფითი იმამი აიუბ ბორჩაშვილი, რომელმაც საქართველოს ახმეტის რაიონის ახალგაზრდობის რადიკალიზაციის საქმეში არცთუ უმნიშვნელო როლი შეასრულა. „ისლამური სახელმწიფოს“ საინფორმაციო მასალებსა და მისი აქტივისტების ინტერვიუებში სულ უფრო ხშირად ისმის თეზისები საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების (განსაკუთრებით ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის) „გათავისუფლებისათვის“ მათი მზადყოფნის შესახებ. 

მაგრამ რამდენად სახიფათოა „ისლამური სახელმწიფოს“ გამოწვევა დიდი კავკასიონისთვის? ამ ცნებას შემთხვევით არ ვიყენებთ. ბევრი კონფლიქტი და პრობლემა, რომლებიც იმიერკავკასიაში აღმოცენდება ხოლმე, უშუალო გავლენას ახდენს რუსეთის სამხრეთის უსაფრთხოებაზე. ასე იყო ქართულ-ოსური დაპირისპირების დროს (რომლის დინამიკაც სერიოზულად მოქმედებდა ოსეთ-ინგუშეთის კონფლიქტზე) და საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტისას (რასაც ადიღელების  აქტიური ჩართვა მოჰყვა). სიტუაცია ჩეჩნეთსა და დაღესტანში არცთუ იშვიათად პოულობდა განგრძობას საქართველოს პანკისის ხეობაში. და იმ შემთხვევაში, თუ ახლო აღმოსავლეთის ყველაზე საშიში ტერორისტული ორგანიზაციის მხრიდან საფრთხე გაიზრდება, კავკასიის ერთი ქედის პრობლემების მეორე ქედის პრობლემებისგან გამოყოფა ძალიან გაძნელდება.  

ამ დროისათვის ექსპერტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ „ისლამური სახელმწიფოს“ პოტენციალზე კავკასიაში. პოლიტოლოგები და ჟურნალისტები სამართლიანად მიუთითებენ, რომ ახლა ესის-ი, მიუხედავად დეკლარირებული გლობალური მიზნებისა, ახლო აღმოსავლეთის ორ ქვეყანაში — ერაყსა და სირიაში კონცენტრირდება. არსებობის მოკლე ხანში ორგანიზაციამ უკვე მოასწრო უამრავი მტრის შეძენა. საუდის არაბეთიც კი, რომელსაც ხშირად ადანაშაულებენ ჯიჰადიზმის მხარდაჭერასა და დაფნანსებაში, ესის-ს ტერორისტულ სტრუქტურად მიიჩნევს.  აღარაფერს ვამბობთ თურქეთზე და მით უმეტეს, შიიტურ ირანზე (რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ დასავლეთთან ერთად მთავარ მტრად განიხილავს).  

ყურადღებას აქცევენ იმასაც, რომ რუსეთის კავკასიაში ტერაქტების რაოდენობა განუხრელად მცირდება. თუ გასული წლის მეოთხე კვარტალში ტერაქტებისა და დივერსიების მსხვერპლი 168 ადამიანი იყო, (101 მოკლული და 67 დაჭრილი), 2015 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 51-მდე შემცირდა (31 მოკლული და 19 დაჭრილი). მეორე კვარტალში კი სულ 44 დაზარალებული დაფიქსირდა (38 მოკლული და 6 დაჭრილი). ისლამური იატაკქვეშეთის ბევრი ლიდერი, ისეთები, როგორიც იყო „იმარატ კავკაზის“ მეთაური ალიასჰაბ ქებებოვი, უკვე ლიკვიდირებულები არიან. 

აზერბაიჯანში რელიგიურ რადიკალებში განხეთქილებაა (სამხრეთ ნაწილში ირანს ემხრობიან, ჩრდილოეთში კი დაღესტანს, სადაც სიტუაცია, მიუხედავად სირთულეებისა, არ უარესდება).    

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის მუქარების თაობაზე საუბრისას განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან არანაირ პრობლემას არ ელოდება“.  

რელიგიათმცოდნეები განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ისინი, ვინც, რბილად რომ ვთქვათ, ისლამის ესის-ის სპეციფიური ვერსიის სასარგებლო არჩევანი გააკეთა, სამშობლოში დაბრუნებას არ იჩქარებენ, ვინაიდან, მათი აზრით, კავკასიის მუსლიმები არასწორ რელიგიას აღიარებენ. შესაბამისად, მათი იდენტურობა  კავკასიური აღარ არის — ამ სიტყვის მკაცრი გაგებით. „ხალიფატი“ მათ ახალ სამშობლოდ იქცა. 

არგუმენტების ჩამოთვლა კიდევ შეიძლებოდა. სინამდვილეში ნებისმიერ გამოწვევას თავშეკავებულად და აწონილ-დაწონილად უნდა მივუდგეთ და ალარმიზმში (პანიკაში — რედ.) არ უნდა ჩავცვივდეთ. მაგრამ, ესის-ისგან გამომდინარე რისკისა და საფრთხეების შეფასებისას, მხედველობაში აუცილებლად უნდა მივიღოთ სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი გონივრული მიზეზებიც. მათი ყოველმხრივ გათვალისწინება საშუალებას მოგვცემდა თავი აგვერიდებინა მეორე უკიდურესობისთვის — მასშტაბური და რეალური საფრთხის ბოლომდე შეუფასებლობისთვის.  

„ხალიფატი“ — როგორც ყველა სოციალური პრობლემის გადაჭრა 

დავიწყოთ იმით, რომ ე. წ. ხალიფატის გამოცხადებამდე რუსეთი და კავკასია ახლოაღმოსავლელი ჯიჰადისტების მიმართვებში იშვიათად ფიგურირებდა. არცთუ შორეულ წარსულში რუსეთის კავკასიაში „ალ-ქაიდას“ ან მისი მონათესავე სტრუქტურების მხოლოდ ცალკეული წარმომადგენლები „ანათებდნენ“.  

მაგრამ გასული წლის ზაფხულიდან „ისლამურმა სახელმწიფომ“ რუსეთის ფედერაცია პირდაპირ მონიშნა ერთ-ერთ პრიორიტეტულ იდეოლოგიურ და პოლიტიკურ მოწინააღმდეგედ, ხოლო „ჩეჩნეთისა და დაღესტნის გათავისუფლება“ უმნიშვნელოვანეს მიზნად დასახა. ამასთან, ამჟამინდელი „ხალიფის“, აბუ ბაქრ ალ ბაღდადის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაახლოებული პირი უმარ (ომარ) აშ-შიშანია (რუსული მედია მას უმარ ჩეჩენსკიდ მოიხსენიებს). ამ სახელითაა ცნობილი თარხან ბათირაშვილი — ქართველი კაცისა და ქისტი ქალის შვილი. 2008 წლის აგვისტოში ის „ხუთდღიან ომში“ მონაწილეობდა, მაგრამ მერე სამხედრო სამსახურს თავი დაანება. ამის შემდეგ ის თურქეთში წავიდა, იქიდან კი ახლო აღმოსავლეთში გადავიდა და „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა.  

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის კავკასიელები „ისის-ში“ მცირე როლს არ ასრულებენ. 

მეორეც, ქსელური ტერორისტული სტრუქტურისგან განსხვავებით — როგორიც იყო „ალ-ქაიდა“ — „ისლამური სახელმწიფო“ თანმიმდევრულად ცდილობს განახორციელოს სახელმწიფოს მშენებლობის პროექტი. დღეს ის სირიისა და ერაყის ტერიტორიებზეა ლოკალიზებული. ამასთან „ისის-ის“ პროპაგანდა აქტიურად აშუქებს არა მხოლოდ სიკვდილით დასჯისა და „სარწმუნოებისათვის ბრძოლის“ სასტიკ სცენებს, არამედ კონტროლირებად ტერიტორიებზე სოციალურ წესრიგზეც მსჯელობს. და ამ ყველაფერს — სამართლიანობის იდეაზე, კორუფციისა და ურწმუნოების მიუღებლობაზე  აქცენტირებით — ისე წარმოადგენს, როგორც ყველაფერ დღეს არსებულის ალტერნატივას.  

მესამე: რადიკალური ისლამიზმისა და ჯიჰადიზმის დისკურსი — ეს დიდი კავკასიონისთვის არახალია. იგივე „იმარატ კავკაზი“ დოკუ უმაროვმა ჯერ კიდევ 2007 წლის ოქტომბერში გამოაცხადა. ამ დროის განმავლობაში მისმა მომხრეებმა არაერთი თავხედური და სისხლიანი დანაშაული ჩაიდინეს. და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ტერაქტების რაოდენობა მცირდება, მიამიტობა იქნებოდა იმის მტკიცება, რომ მსგავსი შეხედულებები სრულად გაქრა. 

რადიკალურ განწყობებს გადაუჭრელი სოციალური პრობლემებიც კვებავს. რადიკალებმა არაერთხელ იჩინეს თავი საქართველოშიც (გავიხსენოთ თუნდაც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაცია ბიევიკთა წინააღმდეგ). ჯიჰადისტები შეამჩნიეს აზერბაიჯანშიც, რის შესახებაც — როგორც უსაფრთხოებისთვის მუქარაზე — დროდადრო საუბრობდნენ უცხოელი დიპლომატები და რესპუბლიკის ძალოვანი უწყებების წამომადგენლები. განსასჯელთა სკამზე იქ საუდის არაბეთის ქვეშევრდომებიც აღმოჩენილან (როგორც ეს, მაგალითად, 2008 წლის მაისში მოხდა). 

ამრიგად, „ისლამური სახელმწიფოს“ მქადაგებლები და შესაძლო გადამბირებლები, რომლებიც კარგად იცნობენ რეგიონსა და მის თავისებურებებს, მოქმედებას არ შეწყვეტენ, რაშიც მათ სავარაუდოდ, იქიდან წამოსულები დაეხმარებიან. შევნიშნავთ იმასაც, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების გარდა, კავკასიაში არიან ისეთი ბოევიკებიც, რომლებმაც აბუ ბაქრ ალ ბაღდადს ერთგულება შეჰფიცეს.  

აქედან გამომდინარე, „ისლამური სახელმწიფოს“ პოტენციალის სხვადასხვაგვარი შეფასებისას, უკიდურესად მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ საფრთხე რეალურზე მეტია, რაოდენ შორ მანძილზე არ უნდა მოეჩვენოს ის ვინმეს დიდი კავკასიონიდან. 

„ესის-ის“ პროპაგანდის ანტირუსულმა აქცენტებმა (უპირველესად, მოსკოვის სირიის საკითხში პოზიციის გამო) რუსეთის მეზობლებს ილუზიები არ უნდა შეუქნას. ახლადმოვლენილი „ხალიფატის“ მსოფლიო წესრიგში არც მათთვისაა ადგილი. ამისათვის საკმარისია იმ რუკების ნახვა, რომელთაც ისინი პერიოდულად ავრცელებენ ინტერნეტით.  

აქედან გამომდინარეობს პრაგმატული კოოპერაციის  დაჟინებული მოთხოვნა, მიუხედავად არსებული წინააღმდეგობებისა. თუმცა მთავარი მაინც ნებაა.  

ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას. 

 


ყველა ახალი ამბავი
0