საქართველო რუსეთთან კონფლიქტის გადაჭრის პოლიტიკას აგრძელებს

© photo: Sputnikსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული მხარე მზად არის, რუსეთსა და საქართველოს შორის მდგარი პოლიტიკური საკითხების მოგვარების მიზნით, განაგრძოს ჟენევის მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობა. საქართველო გამოხატავს მადლიერებას და კვლავ მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გააგრძელოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. რუსეთთან კონფლიქტის გადასაწყვეტად და სავაჭრო-ჰუმანიტარული ურთიერთობების აღსადგენად საქართველომ უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც აგვისტოს ომის მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.

 „უკანასკნელ წლებში საქართველოს მთავრობამ გადადგა რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი რუსეთთან კონფლიქტის დეესკალაციის მიზნით, რის შედეგადაც დაიწყო ორ სახელმწიფოს შორის სავაჭრო, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების აღდგენა. საქართველოს მთავრობა კვლავაც გააგრძელებს მოსკოვთან დე-ესკალაციის პოლიტიკის განხორციელებას“, — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პარასკევს, 7 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

 საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ საქართველო გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ და პოლიტიკურ ბერკეტს არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით.

სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შვიდი წლისთავზე საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი კვლავაც ოკუპირებულია, რის შედეგად უხეშად ირღვევა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები, ხოლო „ეთნიკური წმენდის ასი ათასობით მსხვერპლს არ ეძლევა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება“.

 „საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული კონსტრუქციული ზომების მიუხედავად, მოსკოვი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას, რისი ნათელი მაგალითიცაა მოსკოვის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ინტეგრაციის შესახებ ე. წ. „ხელშეკრულების“ გაფორმება, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის გაგრძელება“, — აღნიშნულია განცხადებაში.

ქართული მხარე მზად არის, რუსეთსა და საქართველოს შორის მდგარი პოლიტიკური საკითხების მოგვარების მიზნით, განაგრძოს ჟენევის მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობა. შექმნილ ვითარებაში საერთაშორისო თანამეგობრობის პრინციპულ და თანმიმდევრულ მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობააქვს. საქართველო გამოხატავს მადლიერებას და კვლავ მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გააგრძელოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართული მხრიდან დაიღუპა 412 ადამიანი, მათ შორის 228 მშვიდობიანი მცხოვრები, 170 — სამხედრო პირი და 19- პოლიციელი. სულ დაიჭრა 1,747 ათასი ადამიანი. უგზოუკვლოდ დაკარგულად 10 სამხედრო მოსამსახურე და ოთხი პოლიციელი ითვლება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ უცხადებს სამძიმარს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0