თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ევროპის მთავარმა საფეხბურთო ორგანიზაციამ (უეფა), თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უცხოელი გულშემატკივრებისათვის, რომლებიც „ბარსელონასა“ და „სევილიას“ შორის 11 აგვისტოს დაგეგმილ სუპერთასის მატჩზე დასწრებას აპირებენ, გზამკვლევი გამოაქვეყნა.
გზამკვლევში განთავსებულია ინფორმაცია საქართველოს დედაქალაქში არსებულ სასტუმროებზე, კაფე-ბარებსა და რესტორნებზე, ქალაქის ღირსშესანიშნაობებზე, ასევე როგორ უნდა მიაღწიონ სტადიონამდე, სადაც მატჩია დაგეგმილი.
გარდა ამისა, იქვე განთავსებულია ინფორმაცია, როგორ ჩავიდნენ თბილისში მეზობელი ქვეყნებიდან: სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან. მითითებულია როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო მარშრუტები.
გზამკვლევში უცხოელ გულშემატკივართათვის ასევე განთავსებულია რიგ რეკომენდაციათა ნუსხა იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ საქართველოში. იქ აღნიშნულია, რომ ქართველები სტუმრებს როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს ისე ეპყრობიან, რომ ქვეყანაში ყველანი მეგობრულნი და სტუმართმოყვარენი არიან. ნათქვამია, რომ ხელის ჩამორთმევა მისალმების ყველაზე გავრცელებული ფორმაა, მაგრამ ზოგჯერ ნაცნობები შეხვედრისას ერთხელ კოცნიან ერთმანეთს ლოყაზე.
ამასთან გულშემატკივრებს მოუწოდებენ ქართველებთან საუბრისას არასოდეს გამოიყენონ შეურაცხმყოფელი სიტყვები. „ქართველები იოლად იგებენ ნებისმიერ ენაზე წარმოთქმულ შეურაცხმყოფელ სიტყვებს“, — აღნიშნულია უეფას გზამკვლევში.