თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ყოფილი მმართველი პარტიის — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალი პოლიტიკური მდივანი აკაკი მინაშვილი გახდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ხუთშაბათს, 6 აგვისტოს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე იქნა მიღებული.
ადრე ეს თანამდებობა სერგო რატიანს ეჭირა, თუმცა მას შემდეგ, რაც იგი პარტიის აღმასრულებელ მდივნად აირჩიეს, პოზიცია ვაკანტური გახდა.
„პოლიტიკური მდივნის პოზიციაზე მხოლოდ ერთი განაცხადი შემოვიდა — აკაკი მინაშვილისაგან. პოლიტსაბჭომ იგი ერთხმად აირჩია“, — ნათქვამია პარტიის შეტყობინებაში.
ამ დროისათვის მინაშვილი საქართველოს პარლამენტის დეპუტატია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციიდან, ასევე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
მინაშვილმა საპარლამენტო მოღვაწეობა 2008 წელს — პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პერიოდში დაიწყო. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, იგი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ხელმძღვანელობდა.