თბილისი, 6აგვისტო — Sputnik. რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა არ შედის იმ დესტრუქციული ძალების ინტერესებში, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხუთშაბათს, 6 აგვისტოს.
მთავრობის მეთაურმა ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას ბაზრის გაფართოების შესახებ, რათა ქართული წარმოება მხოლოდ რუსეთის ბაზარზე არ იყოს დამოკიდებული. ოპოზიციამ რუსეთის მხრიდან შესაძლო ემბარგოს დაწესებაზე მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც „როსპოტრებნადზორმა“ ქართული ღვინის კომპანიები ტექნოლოგიების დარღვევაში დაადანაშაულა.
„ეს ხელოვნურად აგორებულ აჟიოტაჟს ჰგავს და ეჭვი არ მეპარება, რომ ქვეყნის შიდა დესტრუქციულ ძალებს არ სურთ რუსეთთან ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა. ჩვენ ინტერესია რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და ნდობის მოპოვება. რა თქმა უნდა, ჩვენს ურთიერთობებში ძირითად პრობლემად აფხაზეთი და სამაჩაბლო (ცხინვალის რეგიონი), ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები რჩება, სხვა დანარჩენ სფეროში კი ურთიერთობები რეგულირდება“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო მაქსიმალურად აკონტროლებს ქართული ღვინისა და ყველა იმ პროდუქციის ხარისხს, რომელიც რუსულ ბაზარზე შედის.