თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვა იაპონიის მხრიდან კაპიტულაციაზე უარის თქმამ გამოიწვია და მომხდარის გამო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბოდიში არ უნდა მოიხადოს, მიიჩნევს მართვის სტრატეგიის ინსტიტუტის დირექტორი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი პეტრე მამრაძე.
“სპუტნიკ.მნენიას“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, რომელიც იაპონიაში კომპანია „პოპულუსმა“ (Populus) საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „სპუტნიკისთვის“ ჩაატარა, იაპონელების უმრავლესობას (61%)მიაჩნია, რომ აშშ-მა ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს. გამოკითხულთა 74% კი თვლის, რომ ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვის გამართლება ომით არ შეიძლება, რადგანაც მან მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი განადგურება გამოიწვია.
„ყველაფერი მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ იაპონიის მთავრობამ და იმპერატორმა კაპიტულაციაზე კატეგორიული უარი განაცხადა მაშინ, როცა არაფრის იმედი აღარ იყო. და სწორედ მათ მიუძღვით ბრალი იმაში, რომ ეს ომი გაგრძელდა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური ბოდიში იაპონიას არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოუხადოს“, — აღნიშნა მამრაძემ.
მამრაძის განცხადებით, იმ დროს მოკავშირეებმა იაპონური ქალაქები რამდენჯერმე დაბომბეს, თანაც მსხვერპლი თითოეულ ჯერზე უფრო მეტი იყო, ვიდრე ჰიროსიმასა და ნაგასაკიში.
„მიუხედავად ამისა, იაპონიის მთავრობა და იმპერატორი კაპიტულაციაზე არ წამოვიდნენ. მერე დადგა დღე და ეს ქალაქები დაიბომბა. ხაზგასმით აღვნიშნავ, ამ დაბომბვებს იმაზე მეტი მსხვერპლი არ მოჰყოლია, ვიდრე მანამდე, დღეებით ადრე და ბოლო კვირების განმავლობაში იყო. და მაშინ იაპონიის იმპერატორმა ამას ყურადღება არ მიაქცია. ახლა კი უკვე გამოჩნდა მონოგრაფიები, რომლებშიც დამაჯერებლად ამტკიცებენ, რომ იაპონიის მთავრობამ კაპიტულაციის გადაწყვეტილება ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვის გამო კი არ მიიღო, არამედ იმიტომ, რომ სტალინმა იაპონიასთან შეთანხმებიდან გამოსვლის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. მაშინ მიხვდა იაპონიის მთავრობა, რომ საქმე დამთავრებული იყო და კაპიტულაციაზე წავიდა“, — აღნიშნა მამრაძემ.
კითხვას — „როგორ მიგაჩნიათ, უნდა მოუხადოს თუ არა ოფიციალურად ბოდიში აშშ-მა 1945 წელს ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვის მსხვერპლთ“, გამოკითხულთა უმრავლესობამ (61%) დადებითი პასუხი გასცა. მხოლოდ 11% თვლის, რომ ბოდიშის მოხდა აუცილებელი არ არის. თითქმის 30%-მა კითხვაზე პასუხის გაცემა ვერ შეძლო, მათგან 40%, ვისაც ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა, 18-24 წლის ახალგაზრდები არიან.
გამოკითხვის მეორე ნაწილი ორი საკითხისგან შედგებოდა: რესპოდენტების 10 % დაეთანხმა მოსაზრებას „ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვა იმით იყო გამოწვეული, რომ ომი მალე დასრულებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეიძლება კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო“. ხოლო გამოკითხულთა 74% იზიარებს მოსაზრებას — „ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვის გამართლება ომით არ შეიძლება, რადგანაც მან მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი განადგურება გამოიწვია“.