კადრი ლიიკი, საერთაშორისო ურთიერთობების ევროპული საბჭო, ბელგია.
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ, ეგრეთ წოდებული, სტრუქტურული სანქციები შემოიღო.
ბევრი რუსისა და ასევე ევროპელისთვისაც, სანქციების დაწესება ერთიანობისა და სიმტკიცის მოულოდნელ გამოვლენად იქცა. ეს სიმტკიცე ხანგრძლივი გამოდგა — გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისში სანქციები კიდევ ერთი წლით გაგრძელდა, თუმცა ამისთვის ბევრს ყურადღებაც არ მიუქცევია საბერძნეთის გარშემო ატეხილი ხმაურის გამო.
და მაინც, პასუხგაუცემელი რჩება ბევრი კითხვა, რომლებიც მხოლოდ სანქციების ეფექტურობას კი არ შეეხება, არამედ მათ მიზანსაც. გვსურს თუ არა, რომ რუსეთი გავიდეს დონბასიდან? დააბრუნოს ყირიმი? მოსალოდნელია თუ არა მოსკოვში ხელისუფლების შეცვლა? იქნებ გვსურს, რომ მოსკოვი „ნორმალურ ევროპულ სახელმწიფოსავით“ მოიქცეს, რომელიც გავლენას საკუთარ მომმხიბვლელობაზე დააფუძნებს და არა იძულებაზე? ყოველივე ამაზე კარგად უნდა დავფიქრდეთ მანამ, სანამ წლის ბოლოს სანქციების გახანგრძლივების თემაზე დავიწყებთ მსჯელობას, როცა მინსკის შეთანხმების შესრულების ვადა ამოიწურება, რომელთანაც არის კიდეც დაკავშირებული სანქციების უმეტესობა. ევროპას მოუწევს გადაწყვიტოს, შესრულდა თუ არა ეს შეთანხმება, და თუ არ შესრულდა, ვისი მიზეზით.
სიტუაციაში უკეთ გასარკვევად სჯობს მეორე ბოლოდან დავიწყოთ. იმაზე კი არ ვიმსჯელოთ, მუშაობს თუ არა სანქციები, არამედ თავდაპირველად პრობლემის არსს ჩავწვდეთ — რომელსაც, ევროპის აზრით, რუსეთი წარმოადგენს და ვიკითხოთ, როგორ გამოვასწოროთ ის, ან შესაძლებელია კი მისი გამოსწორება საერთოდ. ეს საშუალებას მოგვცემს გავიაზროთ, რა როლს ასრულებს სანქციები პრობლემის გადაწყვეტაში და ასევე დაგვანახებს, რისი მიღწევაა შეუძლებელი მათი გამოყენებით.
„რუსეთის პრობლემის“ ბუნება
ევროპასა და რუსეთს კონფლიქტი თამაშის საერთაშორისო წესების გამო აქვთ, რომელთაც ისინი აბსოლუტურად განსხვავებული პარადიგმებიდან შესცქერიან. რუსეთი „გავლენის სფეროების“ კატეგორიებით აზროვნებს. მას სურს, როგორც საკუთარი გავლენის საზღვრების შემოფარგვლა, ისე — რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია — კვლავ ლეგალურად აქციოს საერთაშორისო ცხოვრების მაორგანიზებელი პრინციპი,ცნება „გავლენის სფეროები“.
რაღაც დოზით ეს პარადიგმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პიროვნებასა და მსოფლმხედველობასთანაა კავშირში. გამოცდილება, რომელმაც ის ჩამოაყალიბა, სანკტ-პეტერბურგის ღარიბ კვარტალში გატარებულ ბავშვობასთან, „კაგებეში“ სამსახურთან და 1990-იანი წლების „ბანდიტურ პეტერბურგში“ მუშაობასთან გახლავთ წილნაყარი. შედეგად, ის მსოფლიოს რამდენიმე მთავარი ძალის მიერ კონტროლირებად სისტემად აღიქვამს, რომლის მცირე წევრებიც პაიკის როლისთვის არიან განწირულნი. საერთაშორისო ურთიერთობებსა და დასავლეთთან ურთიერთობის საკუთარ გამოცდილებასაც ასეთსავე ჭრილში განიხილავს. პუტინს არ შესწევს უნარი, გაიგოს აზროვნება და „საზოგადოებების“ ძალა. მას მიაჩნია — შესაძლოა, გულწრფელად — რომ რევოლუციები პოსტსაბჭოთა სივრცეში დასავლეთის მიერ იყო ინსპირირებული რუსეთის დასასუსტებლად.
ამგვარი მსოფლმხედველობის მომხრეებს რუსეთში პუტინის გარდა სხვებსაც შეხვდებით. ეს ავტორიტარული რეჟიმის ბუნებას უკავშირდება — როგორც პუტინისეულს, ისე ნებისმიერი სხვისას — რომელსაც არ გააჩნია დემოკრატიული მექანიზმი ლეგიტიმურობისათვის და ამ მიზნით საზოგადოების მტრის წინააღმდეგ დარაზმვას არჩევს — როგორც რეალური, ისე წარმოსახვითი, როგორც შინაური, ისე გარე მტრებისა. ნაწილობრივ ეს „მენავთობე სახელმწიფოს“ ეკონომიკური მოდელიდან და რენტით ცხოვრების მსურველი კლიენტურის არსებობიდან გამომდინარეობს. ეს ასევე უკავშირდება განათლების მოდელს, საერთაშორისო ურთიერთობებსა და ისტორიაზე სახელმწიფო-ცენტრისტულ იმ თვალთახედვას, როგორც ამას რუსეთის სკოლებსა და უნივერსიტეტებში ასწავლიან. ეს უკავშირდება იმასაც, თუ როგორ აღიქვამდნენ და ასრულებდნენ რუსეთში კანონს — ანუ თვითნებურად. ეს დაკავშირებულია უზარმაზარი ტერიტორიის ადამიანთა შეზღუდული რაოდენობით გაკონტროლების აუცილებლობიდან გამომდინარე დაძაბულობასთან და უსაფრთხოების გრძნობის არარსებობასთან. დაბოლოს, ეს დაკავშირებულია რუსეთში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ფილოსოფიურ კონცეფციასთან, რომ მოსკოვმა — ამ „მესამე რომმა“ უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მესიანისტური მისია — „იხსნას“ სხვა ხალხები.
გარდაუვალი, ემოციური შეჯახება
ასეთი კონცეპტუალური ნაკრები საერთაშორისო ურთიერთობებზე პოსტმოდერნისტულ შეხედულებასთან შესაჯახებლადაა განწირული, რომელიც ყველასათვის სასარგებლო გადაწყვეტილების მოძიებასა და ეუთოს ეფუძნება. ასეთი შეჯახება ყოველთვის ხდებოდა, ხან ღიად და ხანაც — ძლივს შესამჩნევად, გარემოებისდა მიხედვით. რაც უფრო პოსტმოდერნისტული აზროვნებისა და ქცევის ხდებოდა ევროპა, მით უფრო ღრმავდებოდა ურთიერთგაუგებრობა და მით უფრო ემოციური ხდებოდა კონფლიქტი.
ახლანდელი დაპირისპირება ასეთი დაძაბული და სახიფათო რუსეთის ტერიტორიული ამბიციების მასშტაბის გამო კი არ არის, როგორც ბევრი ფიქრობს, არამედ მათი შეზღუდულობისა და ამის ფსიქოლოგიური შედეგების გამო. მოსკოვს მიაჩნია, რომ ყველაფერი გასცა: გავიდა ცენტრალური ევროპიდან, დატოვა ბალტიისპირეთის ქვეყნები, აღარაფერს ვამბობ კუბაზე, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთზე. მაგრამ ახლა დასავლეთს იმ მცირედის წართმევაც სურს, რაც ჯერ კიდევ შერჩა რუსეთს — „მოძმე“ უკრაინა. მოსკოვი ამ საკითხს უკიდურესად მტკივნეულად აღიქვამს და ცდილობს წინააღმდეგობა გასწიოს.
სამწუხაროდ, ახლანდელი დაპირისპირება იმდენადაა გარდაუვალი, რამდენადაც ემოციური. ეს, ასე თუ ისე, უნდა მომხდარიყო. კონფლიქტის გარდაუვლობა იმითაა განპირობებული, რისიც პუტინს არ ესმის — საზოგადოების ძალით.
„აღმოსავლეთ პარტნიორობად“ სახელდებული რეგიონის ქვეყნებმა რუსეთისგან დამოუკიდებლობა 1991 წელს ლამის შემთხვევით მიიღეს, სადაც ხელისუფლება სასწრაფოდ მიიტაცეს კორუმპირებულმა ელიტებმა. ამ ქვეყნებში ჩამოყალიბდა და გაიზარდა საზოგადოება, რომელიც ეფექტური მართვისკენ, კანონის ძალაუფლებისა და ქვეყნის მომავალზე საკუთარი გავლენის გაძლიერებისკენ მიისწრაფვის. ეს რთულ, თუმცა აუცილებელ პროცესად გადმოიღვარა, რომელიც ევროკავშირს არც დაუწყია და არც გაუკონტროლებია, მაგრამ სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ მხარი დაუჭიროს მას, არ გააჩნია. მოსკოვი კი პირიქით, დაუკავშირდა ელიტებს, რომელთა მართვაც შეიძლება და ამიტომ ზემოთ ნახსენები პროცესის წინააღმდეგია. ეს სისტემური კონფლიქტია და მანამ გამეორდება, სანამ საფუძვლები უცვლელი იქნება.
სავსებით მართალია ისიც, რომ მოსკოვი, რომელსაც საკუთარი რაიონის გაკონტროლება სურს, არ ეძებს დასავლეთთან მასშტაბურ კონფლიქტს. 2014 წლის აპრილიდან მოყოლებული, ის გამუდმებით მიანიშნებს დასავლეთს, რომ მოლაპარაკება სურს და რომ გარიგება გავლენის სფეროებსა და ურთიერთქმედების შესაბამის წესებს უნდა შეეხოს. მაგრამ დასავლეთს სწორედ ამის გაკეთება არ შეუძლია. ასეთი ღია გარიგება შეუძლებელია. ის ეწინააღმდეგება უამრავ დოკუმენტს, რომლებიც ევროპული ქვეყნების საერთაშორისო არენაზე ქცევის წესრიგს განსაზღვრავს. ესენია: ეუთოს ქარტიები, ევროპის საბჭოს პრინციპები, ევროკავშირისა და ნატოს ფუნდამენტური დოკუმენტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამასთან, მიუნჰენმა და იალტამ მსგავსი გარიგებები უბრალოდ შეუძლებლად აქციეს. ხოლო საიდუმლო გარიგებას რუსეთი, სავარაუდოდ, უარყოფს, ვინაიდან თავს ერთხელ უკვე მოტყუებულად მიიჩნევს. მოსკოვის აზრით, 1990-იანების დასაწყისში მას აღუთქვეს, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა.
უფრო მეტიც, საიდუმლო გარიგება უბრალოდ შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ცივი ომის შემდეგ გავლენის ზონების შენარჩუნება იძულებით შეიძლებოდა, ახლა ეს ზონები აზროვნების მსგავსებითა და მიმზიდველობით ფორმირდება. მოსკოვს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს გავლენის სფეროზე, მაგრამ სავარაუდოდ, ვერ შეინარჩუნებს მას, თუ ამ ზონის ქვეყნების მოსახლეობა არ მიიღებს რუსეთს. ამასთან, ეს ქვეყნები ვერც დასავლეთის გავლენის სფეროში მოხვდებიან, თუ მათი ელიტები მხარს არ დაუჭერენ ამ პროცესს და არ ჩაატარებენ რეფორმებს, რომლებიც მათ რუსეთისგან დაიცავდა.
რა არის საჭირო პრობლემის აღმოსაფხვრელად?
შესაძლოა დასავლური პრაქტიკული გონებისთვის ყველაზე რთული იმ ფაქტის მიღებაა, რომ რუსეთის პრობლემა — ეს ხანგრძლივი პრობლემაა და თანდათანობით მოგვარებას საჭიროებს. სწრაფი გადაჭრა შეუძლებელია, სწორედ ისე, როგორც ამ პრობლემის ურუსეთოდ მოგვარებაა შეუძლებელი. უფრო მეტიც, ღრმა უნდობლობისა და გაუგებრობის პირობებში სწრაფი გარღვევის მცდელობამ შესაძლოა სახიფათო შედეგებამდე მიგვიყვანოს, დაბადოს რა ჭარბი იმედები, რომლებიც მწარე და საშიშ იმედგაცრუებაში გადაიზრდება.
იდეალურ სიტუაციაში ევროპას რუსეთის გვერდით ცხოვრება ენდომებოდა, რომელიც, ჩვენს ფასეულობებს თუ არა, ჩვენი ინტერესების ნაწილს მაინც გაიზიარებდა და იძულების ნაცვლად მიმზიდველობას გამოიყენებდა მოკავშირეების შესაძენად და გავლენის გასაძლიერებლად. ზოგ ექსპერტს მიაჩნია, რომ ამისათვის რუსეთში რეჟიმის შეცვლაა საჭირო. ეს ასეც იქნებოდა, ჩვენი პრობლემა რომ მხოლოდ პუტინი და მისი რეჟიმი იყოს, მაგრამ, როგორც ჩანს, საქმე მხოლოდ მათში არაა. რუსეთის დომინირების იდეამ არაერთ რეჟიმს გაუძლო —ლენინიდან სტალინამდე და სტალინიდან ხრუშჩოვამდე, 20-იანი წლების სტალინიდან 30-იანი წლების სტალინამდე, 2000-იანების პუტინიდან 2010-იანის პუტინამდე. ეს იდეა აღორძინდა ქვეყანაში მომხდარი ორი კოლაფსის შემდეგ — 1917 და 1991 წლებში.
ამიტომაცაა საჭირო რაღაც მეტად რთული. რუსეთმა გულწრფელად უნდა გადახედოს თავისი საერთაშორისო ქმედების საშუალებებსა და მიზნებს. ეს უფრო იდენტურობის შეცვლასთანაა ახლოს, ვიდრე რეჟიმის შეცვლასთან. და ეს ბევრად რთულია. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი რამ მომხდარა ისტორიაში, ის გარემოებები, რომლებიც ასეთი ცვლილებებს განაპირობებდა, ზოგადად ძალზე რთული საწინასწარმეტყველო და ერთმანეთისგან განსხვავებულია. ამიტომ გარე ძალები ვერც მათ თავს მოხვევას შეძლებენდა ვერც სასურველი შედეგის მიღებას.
შეგვიძლია დავუშვათ სხვადასხვა ფაქტორი, რომლებიც რუსეთის აზროვნებაში ასეთი გარდაქმნის განხორციელებისთვის შეერწყმებოდა ერთმანეთს. ზოგი მათგანი რაციონალური და ხილულია. მაგალითად, ქვეყანამ უნდა შეძლოს: ეკონომიკის მოდერნიზება, ეს კი მეტად მერიტოკრატულ, თუ არა დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემას გულისხმობს; იმ ეთნიკური და რეგიონული კონფლიქტების მოგვარება, რომლებიც რუსეთის მთლიანობას დაემუქრება თუ იქ კანონს არ დაიცავენ; ჩინეთის მოძლიერება, რაც სავარაუდოდ უბიძგებს რუსეთს უფრო მეტად რაციონალურად აღიქვას დასავლეთთან ურთიერთობები, ვიდრე ამას დღეს აკეთებს.
სხვა ფაქტორები უფრო მეტად სპეკულატურია და რბილ ძალას უკავშირდება. ახლა რუსეთი ფსიქოლოგიურად თავდაუჯერებელი სახელმწიფოა, რომელსაც არ სჯერა საკუთარი ბუნებრივი მიმზიდველობისა და „მეზობლებისთვის მეგობრობის თავს მოსახვევად“ დიდ ძალას ეყრდნობა — ისეთებს, როგორებიცაა იძულება, მოსყიდვა და შანტაჟი. მაგრამ თუ რუსეთი იგრძნობს, რა არის მიმზიდველობით და არა იძულებით წარმოშობილი გავლენა, თუ მას ახალი მომხრეები და არა ვასალები გაუჩნდებიან, თუ ის გულწრფელ პატივისცემას დაიმსახურებს და არა შიშს, მაშინ რუსეთი კულტურულ შოკს მიიღებს, რაც მსოფლიოსთან და მეზობლებთან მის ურთიერთობებზე მოახდენს გავლენას. ბოლოს და ბოლოს, ქვეყნები, როგორც წესი, ენდობიან უკვე ნაცად მეთოდებს.
სანქციების როლი
ასეთი გადაფასების მიზეზი, თუ ეს ოდესმე მოხდება, ისტორიამ უნდა წარმოშვას, გადაფასებით კი თავად რუსებმა უნდა გადააფასონ. დასავლეთს დახმარება მხოლოდ შეზღუდულად შეუძლია, ძირითადად იმ მეთოდების წინააღმდეგ მოქმედებით, რომელთაც რუსები წარსულში ეფექტურად მიიჩნევდნენ. ჩვენ შეგვიძლია აგრესია ძვირად ღირებულად და არაეფექტურად ვაქციოთ, რითაც რუსეთს მიზნის მიღწევაში ხელს შევუშლიდით. ამისათვის ფართო სტრატეგიაა საჭირო, ნატოსა და ევროკავშირის მოწყვლადი წევრების გაძლიერების, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვისა და სანქციების მანამდე შენარჩუნების ჩათვლით, სანამ მათი გაუქმების პირობები არ შეიქმნება — ანუ, სანამ მინსკის შეთანხმება არ შესრულდება და ყირიმის პრობლემები არ მოგვარდება.
როგორც უკვე ითქვა, სანქციების მიზანი რუსეთში რეჟიმის შეცვლა არ უნდა იყოს. რუსეთს დემოკრატიული აყვავებისთვის უფრო მეტი შანსი ექნება თუ რეჟიმი დისკრედიტირებული და შეცვლილი იქნება არა გარე ძალების, არამედ თავად რუსების მიერ.
მეორე მხრივ, არ უნდა დავიბნეთ და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ რაღაცნაირად უნდა შევურიგდეთ პუტინს და მხარიც კი დავუჭიროთ მას მხოლოდ იმიტომ, რომ მისი რეჟიმის ალტერნატივა შეიძლება კიდევ უფრო უარესი გამოდგეს. იმის გახსენებაც კმარა, თუ როგორ ჩააფრინდა დასავლეთი 1996 წელს ელცინს მხოლოდ იმის გამო, რომ კომუნისტების დაბრუნებას უფრთხოდა. დასავლეთმა პუტინთან დაკავშირებით აგნოსტიკურ თვალსაზრისს უნდა მისდიოს. მისი არც გადარჩენა და არც ჩამოგდება არ არის დასავლეთის საქმე.
კარგია, რომ სანქციები კონკრეტულ მოთხოვნებს უკავშირდება: ყირიმის დაბრუნებასა და მინსკის ხელშეკრულების შესრულებას. ეს საკმაოდ გასაგებ პირობებზე მეტყველებს, რომელსაც ევროპამ უნდა მისდიოს. მიუხედავად იმისა, რომ ყირიმთან დაკავშირებული სანქციები ხანგრძლივად დარჩება, მინსკის შეთანხმება ამ წლის ბოლომდე უნდა შესრულდეს.
თუმცა, ეს ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ჩანს. შეთანხმება ბუნდოვანია და რუსეთი და უკრაინა სხვადასხვაგვარად აღიქვამენ მას. რუსეთი არ ფიქრობს, რომ პროცესის საბოლოო მიზანი უკრაინის რეალური დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობაა. რუსეთს დონბასის გამოყენება კიევის გასაკონტროლებლად და სამომავლო გადაწყვეტილებებზე გავლენისთვის სურს. როგორც ჩანს, მას იმედი აქვს, რომ ევროპა დაიღლება უკრაინით, მისი უუნარობით, გაატაროს ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმები და ბოლოს და ბოლოს, სახის შენარჩუნების მიზნით, დათანხმდება შეთანხმების რუსეთისეულ გაგებაზე. ამ ხაფანგს გვერდი უნდა ავუაროთ.
თუ დასავლეთს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთთან ახალი შეჯახების თავიდან აცილება სურს, მან ეს კონფლიქტი ეუთოს წესრიგის შესაბამისად უნდა მოაგვაროს. ეს, თავის მხრივ, ევროპისგან მინსკის შეთანხმებების ინტერპრეტირების საკითხში შინაგან ერთიანობას მოითხოვს. ევროპა ვალდებულია უარი თქვას სანქციების მოხსნაზე მანამ, სანამ უკრაინა აღმოსავლეთ საზღვარზე სრულად არ აღადგენს კონტროლს. ამას გარდა, შეთანხმებაში კიდევ ბევრი რთული ნიუანსია, და ამიტომ ევროპამ შეთანხმებების გაგების კუთხით ერთიანი მიდგომა უნდა გამოიმუშავოს და ისეთი კრიტერიუმები დაადგინოს, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელი იქნება მათ შესრულებაზე მსჯელობა.
სანქციების ნაადრევად მოხსნა არ შეიძლება, მაგრამ არც მათი იმ დონემდე აწევა შეიძლება, რომელიც ევროპისთვის პოლიტიკურად და ეკონომიკურად დაუძლეველი იქნება. სანქციები არ უნდა იყოს რუსეთის უკრაინაში ქცევის ბარომეტრი, რომელიც გაძლიერდება ან შესუსტდება ესკალაციის ან დეესკალაციის მიხედვით. მით უმეტეს, რომ ერთიცა და მეორეც შესაძლოა ილუზორული აღმოჩნდეს. სანქციების ხანგრძლივობა და სიმკაცრე მოცემულ მომენტში მათ ინტენსიურობაზე მნიშვნელოვანია. სანქციები ნელი ზეწოლა უნდა იყოს, რომელიც თანდათან შეზღუდავდა რუსეთის ქცევის თავისუფლებას და გამუდმებით შეახსენებდა მას საკუთარ შეცდომებსა და ევროპის უკმაყოფილებას.
ბოლოს და ბოლოს, სანქციების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი — მნიშვნელობა არ აქვს, შეგნებულად თუ არა — რუსეთის თვალში დასავლეთის საიმედოობის განმტკიცება უნდა იყოს.
ამბობენ, რომ ვიქტორ იანუკოვიჩის რეჟიმის დამხობისშემდგომ დღეებში, 2014 წლის თებერვალში, მოსკოვში ევროპელმა ლიდერებმა დარეკეს და ითხოვეს, უკრაინაში არ შეიჭრათო. ამ მიმართვას ყური არავინ უგდო იმიტომ, რომ მოსკოვს კარგად ახსოვდა დასავლეთის რეაქცია საქართველოსთან ომის პერიოდში და მიაჩნდა, რომ ანექსია შედარებით იოლად გამოუვიდოდა. იმ ფაქტმა, რომ დასავლეთმა სანქციები შემოიღო და მზარდი შთაბეჭდილება მოახდინა მოსკოვზე და ამან შესაძლოა გავლენაც კი მოახდინოს მის სამომავლო გათვლებზე.
ევროპას უნდა ესმოდეს, რომ რუსეთთან დაკავშირებული პრობლემა ხანგრძლივი და მრავალფენიანია. გასაგებია, რომ სანქციები პანაცეა არ არის, რომელიც ყველაფერს გამოასწორებდა. სანქციები ფართო სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს. მათ უნდა აღადგინონ ჩვენი საიმედოობა და ხელი შეუწყონ პრობლემის საშუალო და მოკლევადიან პერსპექტივაში გადაჭრას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ევროპას მძაფრად სჭირდება საიმედოობა თუ მომავალში პროცესებზე გავლენის მოხდენა სურს. ამიტომაც სანქციები აუცილებელია, მიუხედავად მთელი თავისი შეზღუდულობისა.
პუბლიკაციის ორიიგინალი: European Council on Foreign Relations