თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციებში გადაადგილებისაგან, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციებში უკანასკნელ პერიოდში გახშირებული ტერორისტული აქტებიდან და თავდასხმებიდან გამომდინარე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ურჩევს საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ თურქეთის შემდეგ რეგიონებში გადაადგილებისაგან: არდაჰანის, ერზერუმის, ერზინჯანის, ყარსის, იღდირის, აღრის, ვანის, ბითლისის, მუშის, ბინგოლის, ელაზიღის, თუნჯელის, მალათიას, შანლიურფასა და ჰაქქარის ვილაიეთები,» — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებს, ნათქვამია განცხადებაში.
თურქეთში სიტუაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ 20 ივლისს სირიის საზღვარზე ორგანიზებული ტერქტისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციებში პოლიციელთა მკვლელობების შემდეგ გამწვავდა. ტერორისტებმა უკვე 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლეს.