ლავროვი: რუსეთს შესწევს უნარი, პასუხი გასცეს ამერიკულ ანტისარაკეტო ფარს ევროპაში

გამოწერა
რუსეთს საკმარისი ტექნოლოგიური საშუალებები აქვს საიმისოდ, რომ უპასუხოს ამერიკის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსებას ევროპაში, განაცხადა ლავროვმა.

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. რუსეთს არ სურს გამალებულ შეირაღებაში ჩართვა, მიუხედავად იმისა, რომ მას საკმარისი საშუალებები გააჩნია ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის ევროპაში გაშლაზე პასუხის გასაცემად, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. 

„რუსეთს არ სურს გამალებულ შეიარაღებაში მონაწილეობა და არც ჩაერთვება მასში.  ჩვენ საკმარისი ტექნოლოგიური საშუალებები გვაქვს საიმისოდ, რომ არცთუ ძვირად ღირებული პასუხი გავცეთ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შექმნის მცდელობას — განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი გადაიჭრა“, — განაცხადა ლავროვმა სინგაპურის ტელეარხ „ჩენელ ნიუს აზია“-ზე.

აშშ-ის გეგმები ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის შექმნასთან დაკავშირებით, რაც საიმედოდ დაიცავდა მათ ტერიტორიას ბალისტიკური რაკეტებისგან, ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში. 

მოცემული მომენტისთვის აშშ-ს ანტისარაკეტო ფარის ორი სტრატეგიული რაიონი აქვს საკუთარ ტერიტორიაზე — ალიასკასა და კალიფორნიაში. რუსეთს სტრატეგიული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ერთი პოზიციური რაიონი აქვს მოსკოვში. ახლა აშშ მესამე პოზიციური რაიონის შექმნას აპირებს ევროპაში. ფაქტობრივად, ეს გლობალური ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის შექმნას გულისხმობს, რასაც მსოფლიოში ძალთა ბალანსის შეცვლა შეუძლია.  

აშშ-ის წარმომადგენლებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ევროპული ფარი არ არის რუსეთისა და მისი სტრატეგიული პოტენციალის წინააღმდეგ მიმართული, ხოლო რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების სფეროში თანამშრომლობა წაადგება როგორც აშშ-ს, ისე ნატოსა და რუსეთს. 

რუსეთისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს გარანტიები ფურცელზე დაფიქსირდეს — იურიდიულად სავალდებულო ფორმით, და არა სიტყვიერად. ნატო კი მოუწოდებს რუსეთს, ენდოს მას სიტყვაზე, რომ საკუთარ ანტისარაკეტო სისტემას რუსეთის ბირთვული შეკავების ძალების წინააღმდეგ არ გამოიყენებენ. 

 


ყველა ახალი ამბავი
0