თბილისის 2015 წლის ბიუჯეტი მილიარდ ლარამდე გაიზარდა

გამოწერა
თბილისის მერის მოადგილის, გიორგი ხელაიას განცხადებით, აუცილებელია ბიუჯეტიდან დროულად გადანაწილდეს თანხები თბილისის მასშტაბით ავარიულ შენობებში გასამაგრებელი სამუშაოების ჩასატარებლად, მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციისათვის და თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ზოოლოგიური პარკის კეთილმოწყობისათვის.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. სამშაბათს, 4 აგვისტოს, თბილისის საკრებულომ მხარი დაუჭირა დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებას, რომლის თანახმადაც, თბილისის ბიუჯეტი 46 მილიონ 654 ათასი ლარით (დაახლოებით 20,9 მლნ დოლარი) გაიზარდა და 959 მილიონ 124 ათასი ლარი (დაახლოებით 422,5 მლნ დოლარი) შეადგინა. 

 შესწორებებს საკრებულოს 50 დეპუტატიდან 28 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 5 დეპუტატი იყო. ამდენივემ უარი თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე. ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებებს ოპოზიციის წარმომადგებლებმა არ დაუჭირეს მხარი. დედაქალაქის მუნიცეპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი დეპუტატებს თბილისის მერის მოადგილემ გიორგი ხელაიამ წარუდგინა. 

 ბიუჯეტის 46 მილიონ 654 ათასი ლარით გაზრდა არა ერთი მნიშვნელოვანი მიზეზით არის განპირობებული. მათ შორის აღსანიშნავია თბილისში 14 ივნისის სტიქიური უბედურების შედეგად წარმოქმნილი პრობლემების გადაწყვეტის საკითხი“, — აღნიშნა ხელაიამ. 

 მისი თქმით, აუცილებელია ბიუჯეტიდან დროულად გადანაწილდეს თანხები თბილისის მასშტაბით ავარიულ შენობებში გასამაგრებელი სამუშაოების ჩასატარებლად, მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციისათვის და თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ზოოლოგიური პარკის კეთილმოწყობისათვის. 

 დამანგრეველი წყალდიდობა თბილისში 14 ივნისის ღამეს მოხდა. შედეგად დაიტბორა მდინარე ვერეს ხეობაში განთავსებული ობიექტები: ზოოპარკი, პარკი „მზიური“, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ქალაქის ცენტრალური ქუჩები. ასევე დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ბოლო მონაცემებით დაიღუპა 19 ადამიანი. 3 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.


ყველა ახალი ამბავი
0