თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვა დაასრულა, მოსალართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი და შს ექს-მინისტრის ვანო მერაბიშვილისთვის გამოტანილი განაჩენი — თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით — ძალაში დატოვა, იუწყება საქართველოს მთავარი პროკურატურა.
ვანო მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდი ხნის მანძილზე ხელმძღვანელობდა. ის საქართველოში განხორციელებული ყველაზე წარმატებული რეფორმის — ახალი ტიპის პოლიციის შექმნის ავტორია. კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე მერაბიშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა. ახალმა ხელისუფლებამ ის 2013 წლის მაისში დააპატიმრა.
„უკვე ორი ინსტანციის სასამართლოს მიერაა დადასტურებული, რომ ვანო მერაბიშვილმა ორგანიზება გაუწია სანდრო გირგვლიანის საქმის მტკიცებულებების გაყალბებას და დაფარა დავით ახალაიას მონაწილეობა ამ დანაშაულში“,- ნათქვამია პროკურატურის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
გირგვლიანს 2006 წლის 28 იანვარს ერთ-ერთ ბარში სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა შსს-ს მაღალჩინოსნებთან, ამ ფაქტიდან რამდენიმე საათის შემდეგ კი იგი ოქროყანის სასაფლაოზე გარდაცვლილი იპოვეს. 2006 წელს სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე შსს-ს ოთხ თანამშრომელს განაჩენი გამოუტანა. ისინი მოგვიანებით პრეზიდენტმა შეიწყალა. გირგვლიანის საქმის ხელახალი გამოძიება კი 2012 წლის შემდეგ დაიწყო.
სააპელაციო სასამართლოს მიერ ძალაში დატოვებული განაჩენის გარდა, მერაბიშვილს ოთხნახევარი წელი აქვს მისჯილი 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევისთვის და ხუთი წელი — 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩევლის მოსყიდვისთვის. პირველი განაჩენი სასამართლომ 2014 წლის 20 ოქტომბერს გამოიტანა. სასამართლო მერაბიშვილის წინააღმდეგ ასევე განიხილავს კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეს. ერთია 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციის დარბევა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა, მეორე კი — 2005 წელს სპეცრაზმის თანამშრომლების მიერ პარლამენტის დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი.