თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ამერიკულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა „თაიმმა“ ყველა დროისა და ხალხების ათი უმდიდრესი და გავლენიანი ადამიანის ნუსხა შეადგინა.
გამოცემამ უმდიდრეს ადამიანად ცნო შუასაუკუნეების მალის სახელმწიფოს მმართველი მანსა მუსა. ამერიკელი ისტორიის პროფესორის, რიჩარდ სმიტის აზრით, მუსას მმართველობისას მალი ოქროს უმსხვილესი მწარმოებელი იყო და ამიტომ მისი სიმდიდრის ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია.
მეორე ადგილზე გავიდა რომის იმპერიის დამაარსებელი ოქტავიანე ავგუსტუსი. ეკონომისტების ვარაუდით, იმპერატორის ქონება დაახლოებით 4,6 ტრილიონი აშშ დოლარის ექვივალენტს შეადგენდა (2014 წლის კურსის მიხედვით).
სიაში მესამე ჩინეთის იმპერატორი შენ-ძუნი აღმოჩნდა. იგი მე-11 საუკუნეში მართავდა მსოფლიოს ეკონომიკურად ერთ-ერთ უმძლავრეს სახელმწიფოს, რომელიც მაშინდელი მსოფლიოს მთლიანი შიდაპროდუქტის 30%-ს აწარმოებდა.
მეოთხე ადგილი აქბარ I დიდს დაეთმო — დიდი მოგოლების იმპერიის ფადიშაჰს. ამ იმპერიაზე მსოფლიოს წარმოების დაახლოებით მეოთხედი მოდიოდა. აქბარ დიდის მმართველობისას ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდაპროდუქტის მაჩვენებელი ელისაბედ I-ის დროინდელ ინგლისის მაჩვენებელს უტოლდებოდა, ხოლო ადგილობრივი ელიტა ევროპელ არისტოკრატებზე მდიდარი გახლდათ.
მეხუთე ადგილი იოსებ სტალინს ერგო, რომელიც „მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ეკონომიკას აკონტროლებდა“. „თაიმის“ ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის სიმდიდრე პირადად სტალინს არ ეკუთვნოდა, სწორედ იგი მართავდა საბჭოთა ეკონომიკურ სიმძლავრეებს.
მეექვსე პოზიცია „ყველა დროის უმდიდრესმა ამერიკელმა“, კომპანია US Steel-ის მფლობელმა ენდრიუ კარნეგიმ დაიკავა, რომლის ქონებაც, 2014 წლის კურსის გათვალისწინებით, 372 მლრდ დოლარს უდრიდა.
სიაში მეშვიდეა ამერიკული კომპანია Standard Oil-ის დამფუძნებელი ჯონ როკფელერი, რომლის ქონებაც 1918 წელს 1,5 მლრდ აშშ დოლარით განისაზღვრებოდა, რაც გასული წლის კურსით 341 მლრდ დოლარს უტოლდება.
მერვე ადგილი „თაიმმა“ ბრეტონელ რაინდს, ალენ წითურს დაუთმო. სიკვდილის წინ, 1093 წელს მისი ქონება 11 ათას გირვანქა სტერლინგს შეადგენდა, რაც 2014 წლის კურსით 194 მლრდ დოლარს უდრის.
მეცხრე პოზიციაზე „ამჟამად ცოცხალ ადამიანთა შორის უმდიდრესი“ ბილ გეითსია. „ფორბსი“ კომპანია „მაიკროსოფტის“ დამაარსებლის აქტივების სუფთა ღირებულებას 78,9 მლრდ დოლარად აფასებს.
სიას ასრულებს ყველა დროის ერთ-ერთი უწარმატებულესი მთავარსარდალი, მონღოლთა იმპერიის დამაარსებელი ჩინგის-ხანი.