თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“, რომელიც მმართველ კოალიციაში შედის, მომდევნო არჩევნებისთვის მზადებას სექტემბრიდან დაიწყებს, განუცხადა ჟურნალისტებს 3 აგვისტოს დეპუტატმა ეკა ბესელიამ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
წინასაპარლამენტო არჩევნებზე, 2012 წლის ოქტომბერში, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილმა კოალიციამ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩაანაცვლა, რომელიც ქვეყანას ცხრა წელი მართავდა.
„პარტია, რომელიც მმართველი ძალაა და რომელიც ემზადება იმისთვის, რომ გააგრძელოს აღებული ვალდებულებების შესრულება, ძალზე მნიშვნელოვანი ეტაპისთვის უნდა იყოს მზად. გვინდა, რომ არჩევნებისთვის მზადება კონკრეტული ღონისძიებებითა და პარტიული აქტიურობით წინასწარ დავიწყოთ“, — განაცხადა ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ.
ბესელიამ ასევე აღნიშნა, რომ იგეგმება რაიონული ორგანიზაცების კონფერენციების ჩატარება.
პოლიტსაბჭოს სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა.
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში დარწმუნებულია.