თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება, რომ 2013 წლიდან საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სხვადასხვა დანაშაულისათვის მსჯავრდებული 59 ქალი შეიწყალა.
„საქართველოს პრეზიდენტი დიდ ყურადღებას უთმობს მსჯავრდებული ქალების საკითხს. პრეზიდენტის მიერ შეწყალების მექანიზმის გამოყენების შედეგად დღეს საქართველოში უვადო მსჯავრდებული ქალი აღარ არსებობს. გარდა ამისა, პრეზიდენტმა 2013 წლიდან დღემდე 59 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა“- ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
ამ დროისათვის პენიტენციურ დაწესებულებებში სასჯელს 250 ქალი მსჯავრდებული იხდის.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პრეზიდენტს მიმართა, პატიმარ ქალთა მიმართ სასჯელის შემსუბუქების და შეწყალების მიდგომებს გადახედოს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხაზი გაუსვეს, რომ მას შემდეგ, რაც გიორგი მარგველაშვილმა 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა, ქალთა უფლებების დაცვის საკითხებს უფრო მეტი ყურადღება ეთმობა. ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ შეწყალების კომისიასთან ერთად პრეზიდენტი ყურადღებით გაეცნობა ყველა კონკრეტულ წინადადებას.