თბილისი, 3აგვისტო — Sputnik. ქართველმა ოპერის მომღერალმა გიორგი ცინცაძემ 15 წლის ეროვნებით რუსი მოზარდი გადაარჩინა.
ინციდენტი 31 ივლისს იტალიის საკურორტო ქალაქ მარჩელი-დი-ნუმანაში მოხდა.
შემთხვევის ადგილზე, ცინცაძესთან ერთად მისი კოლეგა ომარ ჯოხაძეც იმყოფებოდა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა.
„ჩემო მამაცო და გმირო მეგობარო გიორგი ცინცაძე! გუშინდელმა შენმა გმირობამ მთელი ქალაქი აალაპარაკა. შენ ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდი, რომელმაც სიცოცხლის რისკის ფასად 15 წლის რუსი ტურისტი გადაარჩინა. მე ვამაყობ შენით“, —წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ომარ ჯოხაძე.
ჯოხაძემ ასევე გამოაქვეყნა ნახატი, რომელიც 15 წლის მოზარდმა მადლიერების ნიშნად გიგი ცინცაძეს აჩუქა. გიგის გმირობის ამსახველ ნახატს ქვემოთ მინაწერი აქვს „გიორგი ბრავო“.
ქართველი ოპერის მომღერალი გიორგი ცინცაძე წარმოშობით ქუთაისიდანაა, იგი ოჯახთან ერთად მილანში ცხოვრობს.