თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეუდგა თბილისის ექსმერის, გიგი უგულავას კონსტიტუციური სარჩელის განხილვას საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, მისი პატიმრობაში 9 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ყოფნის კანონიერების თაობაზე, ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
სასამართლომ უგულავა 2014 წლის 4 ივლისს გაამწესა საპატიმროში ფულის გათეთრების ბრალდებით. წინასწარი პატიმრობის ვადა მიმდინარე წლის მარტში ამოიწურა, მაგრამ უგულავა არ გაათავისფლეს, ვინაიდან სასამართლომ აღკვეთის იგივე ზომა ახლა უკვე სხვა — ტელეკომპანია „იმედის“ საქმესთან დაკავშირებით დაადგინა.
„მოსარჩელე მხარისთვის პრობლემურია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწესრიგებული რამდენიმე საკითხი, მათ შორის ის გარემოება, რომ პირისთვის რამდენიმე ბრალდების შემთხვევაში, აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის, ვადა შესაძლოა განისაზღვროს თითოეული საქმისათვის დამოუკიდებლად და ჯამში აღემატებოდეს 9 თვეს“, — ნათქვამია განცხადებაში.
ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ამტკიცებს უგულავა.
სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ მისთვის პატიმრობის შეფარდებისას სასამართლომ იხელმძღვანელა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, რაც საკმარისი არ არის ადამიანისთვის ფიზიკური თავისუფლების შესაზღუდად.
გიგი უგულავა არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებსაც, რომელთა თანახმადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების ერთ-ერთ წინაპირობად ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა დგინდება.
გიგი უგულავა 2014 წლის 3 ივლისს დააკავეს. დროთა განმავლობაში მას რამდენიმე სისხლის სამართლის დანაშაულში წაუყენეს ბრალი. ძირითადად საქმე ეხება სახსრების გაფლანგვასა და ფულის გათეთრებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ.